პრემიერ-მინისტრი საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულია. ირაკლი ღარიბაშვილი ასეთ საარჩევნო პროგნოზს "ქართული ოცნების" გუშინდელი შემაჯამებელი ღონისძიების საფუძველზე დარწმუნებით აკეთებს. პარტიის დასკვნითი საარჩევნო შეხვედრის მასშტაბურობასა და მნიშვნელობაზე დღეს გუნდის ყველა ლიდერი საუბრობდა.
გამარჯვებაში დარწმუნებულია ოპოზიციური ძალაც. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ სახელისუფლებო კანდიდატებს ყველა დიდ ქალაქში დაამარცხებენ.
"ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო ბრძოლაში მარტო არ არის. ჩრდილოვან კაბინეტში შემავალი პოლიტიკოსების გარდა მათ მხარდაჭერას ოპოზიციური კოალიციის მიღმა მყოფი ზოგიერთი პარტიაც აპირებს. ოპოზიციური ძალების მეორე ნაწილი კი, ამ პროცესში მონაწილეობას საერთოდ არ გეგმავს.
ვის გამოუცხადებს ნდობას ორ არჩევანს შორის ამომრჩეველი, ეს 30 ოქტომბერს, მეორე ტურში გაირკვევა. პირველივე ტურში გამარჯვებული მერები კი, უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგნენ. 64 მუნიციპალიტეტიდან 44 "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ჩაიბარა. მმართველი გუნდი დარჩენილ 20 მუნიციპალიტეტში ანალოგიურ შედეგს ელოდება.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ზუსტად 2 დღეში და 20 მუნიციპალიტეტში ტარდება, მათ შორის დედაქალაქში.