"ბრძოლის გაგრძელება" - ეს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ციხიდან მიხეილ სააკაშვილის მთავარი გზავნილია. მიუხედავად თანამებრძოლების მოწოდებისა, მესამე პრეზიდენტი 32-ე დღესაც არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. ამბობს, რომ ძალიან გაბრაზებულია, რადგან მოქალქეებს არჩევანის უფლება წაართვეს. წერილში საუბრობს სომხეთის სცენარზე და გამოსავალს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაში ხედავს.
დილიდან მიხეილ სააკაშვილთან პირველი მისი უკრაინელი მეუღლე მივიდა. ლიზა იასკომ მედიას უთხრა, რომ მესამე პრეზიდენტმა უკვე 20 კილოგრამზე მეტი დაიკლო და ძალიან დასუსტებულია. ისიც თქვა, რომ სააკაშვილი უკრაინაში უნდა დაბრუნდეს.
არ შეცვლილა არც ადვოკატების პრინციპული პოზიცია, ისინი წინა ხელისუფლების ყოფილი ლიდერის გლდანის მეთვრამეტე დაწესებულებაში გადაყვანას ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას კონსილიუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებისკენ მოუწოდებენ. ამტკიცებენ, რომ აქვთ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით, სადაც, მათი თქმით, პროვოკაციები მოსალოდნელია.
მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა განცხადებაც გაავრცელა, სადაც გორის ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია უარყვეს. მიხეილ სააკაშვილს დღესაც სტუმრობდნენ თანაგუნდელები და თანამებრძოლები. საკანში შესული იყო თაკო ჩარკვიანიც, რომელმაც მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ ღიად მოუწოდა.
შიმშილობის 32-ე დღე მიხეილ სააკაშვილისთვის რუსთავის კოლონიის სამარტოო საკანში იწურება, მიხეილ სააკაშვილი პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას ამ დროისთვის არ აპირებს. მან უკვე რამდენიმე დღეა მედიკამენტებსა და ექიმთა კონსილიუმთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.