16 ნოემბერი 2024,   14:55
ვრცლად
"ეს კიდევ ერთხელ დაგვხევს შორს და დაგვაშორებს როგორც ევროკავშირს, ასევე NATO-ს" - ოპოზიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალ წევრ მოსამართლის არჩევას ეხმაურება

ორი ახალი მოსამართლე წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი 31 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციაზე აირჩიეს.

ენმ-ის წევრი ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ძალიან მწვავეა და მიუთითებს იმაზე, რომ სანქციები  კარს მომდგარი საკითხია. მისივე თქმით, ქვეყანა არ ითვალისწინებს დასავლელი პარტნიორების რჩევებს და სასამართლო მთლიანად უზურპირებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ფორმალურად კი არ გამოაცხადეს მოსამართლის ვაკანსიები.

"გადაწყვიტეს, რომ კლანი უფრო გაძლიერებულიყო. ისევ ვტრიალებთ სასამართლო კლანში, ისევ ვტრიალებთ უსამართლობაში და სასამართლო რეფორმა საერთოდ გარიჟრაჟზეც არ ჩანს. ეს კიდევ უფრო. ეს კიდევ ერთხელ დაგვხევს შორს და დაგვაშორებს როგორც ევროკავშირს, NATO-ს და საერთოდ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ და სხვა ნაბიჯებით, რასაც ხელისუფლება დგამს, ჩვენ ვშორდებით დასავლეთს," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესია მეტი თავშეკავება, როდესაც პოლიტიკური აქტორები დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებელ გადასაწყვეტ საკითხებზე საუბრობენ.

"ვფიქრობ, რომ შეიძლება მეტი საუბარი გვმართებდეს იმ წევრთა არჩევის წესებზე, რომელსაც პარლამენტი ირჩევს, ან რომელის სხვა კომპოზიციაში ასე მონაწილეობს, მაგრამ ის კატეგორია საკითხებისა, რომელიც სასამართლო ხელისუფლების საკითხებია, ვფიქრობ არ ღირს, რომ გადავტვირთოთ ამ შემთხვევაში პოლიტიკური მდგენელები," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმა იმ კონსულტაციების და რეკომენდაციების საფუძველზე ჩატარდა, რომელიც მმართველ გუნდს პარტნიორებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან და მათ შორის ეუთო/ოდირთან და ვენეციის კონვენციასთან ჰქონდათ.

დღის ამბები