ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, თუმცა ბარიერ გადალახული ყველა პარტია საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას სხვადასხვა ფორმით აპირებს. ამ დრომდე არ მოჰყოლია გამოხმაურება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ინიციატივას, რომ სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ბარიერგადალახულმა პარტიებმა შესაბამის უწყებებს ერთდროულად მიმართონ.
"ჩვენ ვთქვით, რომ ოთხივე პარტია თუ ერთდროულად, ერთსა და იმავე მომენტში ერთნაირად მოიქცევა სიებთან და მანდატებთან დაკავშირებით, ეს არის დაზღვევა, რომ "ოცნებამ" არ ითამაშოს რომელიმე პარტიასთან, ვინმე არ შეაძვრინოს და შესაბამისად, ამით არ შეუქმნას საფუძველი ახალ პარლამენტს. ჯერჯერობით, ამ ინიციატივას გამოხმაურებები არ მოჰყოლია," - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე.
კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, თინა ბოკუჩავა კი დარწმუნებულია, რომ არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "არ დაიწყებს ვაჭრობას და არანაირ გარიგებაში არ შევა ივანიშვილთან."
"დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებრივი კონსოლიდაციის ფონზე, არაერთი ოპოზიციური პარტია თუ ერთეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ უღალატებს ქართველი ხალხის ნებას და მოლოდინს, არ დაიწყებს ვაჭრობას და არანაირ გარიგებაში არ შევა ივანიშვილთან. სხვადასხვა სამართლებრივი ფორმებიო არსებობს იმისთვის, რომ ჩაკეტილიყო სიები. მთავარი ისაა, რომ ოპოზიციურ სპექტრში არსებობს ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ მოხდება ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობა," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.