"გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით ოფიციალურად მიმართა. განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უკვე წარედგინა.
ჯაფარიძის მიმართვას კომიტეტი მისი წარდგენიდან მერვე დღეს განიხილავს, რის შემდეგაც საკითხს პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.
მის ამ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ეხმაურება.
"როდესაც პოლიტიკური ლიდერი ხარ, როდესაც "ნაცმოძრაობის" განუყოფელი წევრი ხარ და ჩამდგარი ხარ იმ სამსახურში, დესტაბილიზაციის შექმნის იდეის სამსახურში, რასაკვირველია, პარლამენტში ვერ იმუშავებ. თუკი გინდა, რომ ეს ლიდერის პოზიცია შეინარჩუნო, უნდა გახვიდე იმ არედან, სადაც საერთოდ არ მუშაობ და მისი განცხადება ამ კუთხით, აბსოლუტურად გასაგებია და უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ისედაც, არც ერთ თემაში არ მონაწილეობს და რასაკვირველია, პოლიტიკური განცხადებაა და პოლიტიკურ განცხადებას პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მოჰყვეს," - ამბობს გიორგი ვოლსკი.