გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა ქვანახშირის გამოყენების შემცირებაზე შეთანხმდა. შეთანხმების ხელმომწერები ისეთი მსხვილი მომხმარებლები არიან როგორიცაა პოლონეთი, ჩილე და ვიეტნამი.
ქვანახშირზე ყველაზე მეტად დამოკიდებულმა ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ, ინდოეთმა და ჩინეთმა ხელის მოწერისგან თავი შეიკავეს.
ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, დაასრულონ ქვანახშირის გამოყენებით ელექტროენერგიის წარმოებაში ინვესტიციის განხორციელება შიდა და საერთაშორისო დონეზე.
სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ მსხვილი ეკონომიკის ქვეყნები ქვანახშირის ენერგიის გამოყენებაზე უარს 2030 წლისთვის იტყვიან, ხოლო მცირე ეკონომიკის ქვეყნები 2040 წლისთვის.
გაეროს დასკვნით, ქვანახშირის ენერგიის გამოყენება კლიმატური ცვლილების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია.