20 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან პატივს სცემს მის უწმინდესობას, მაგრამ აგრძელებს შიმშილობას - მიქაელ ბოტკოველი

პატრიარქის თხოვნაზე ისევ უარია - მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არ წყვეტს. პატრიარქის წერილი პატიმარს ისევ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მიუტანა.

"გადავეცი ბატონ მიხეილ სააკაშვილს მისი უწმინდესობის გზავნილი, პირადად გადავეცი წერილი, სადაც მისი უწმინდესობა კიდევ ერთხელ სთხოვს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ის წუხს იმის გამო, რომ ამდენი ხანია შიმშილობს. ბატონმა მიხეილმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას, უკვე მეორედ ვესტუმრე მას აქ და ის გრძნობს მისი უწმინდესობის ყურადღებას, აღნიშნა, რომ ძალიან პატივს სცემს მის უწმინდესობას და დამავალა, რომ გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის გააგრძელებს კვლავ შიმშილობას, რადგანაც ეს არის მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაში რამე კორექტირებების შეტანას, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, არ აპირებს," - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

პატრიარქის მდივანმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზეც ისაუბრა და განაცხადა რომ ის წონაში დაკლებულია, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა იმ მოტივით, რომ ის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი არაა. მან, ასევე, თავი აარიდა ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის თემასაც და აღნიშნა, რომ ეს მის კომპეტენციას სცილდება:

"წინა ნახვასთან შედარებით ის წონაში მოკლებულია, სხვა განზომილებების შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან არ გახლავართ ამ დარგის სპეციალისტი, რომ გითხრათ, რამე განსაკუთრებული შევამჩნიე, რომ მეტყველება უჭირს, ან აზრების ჩამოყალიბება, ეს ნამდვილად არ ეტყობა. რაც შეეხება რჩევებს კლინიკასთან დაკავშირებით, ასეთი საკითხების განხილვისგან თავს შევიკავებ, ჩემს კომპეტენციას სცილდება,"- აღნიშნა მიქაელ ბოტკოველმა.

მიქაელ ბოტკოველის თქმით, მას დღის განმავლობაში არასწორად დაუსვეს კითხვა იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა პატრიარქს მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, რაზეც მისი პასუხი იყო, რომ ეს პატრიარქის კომპეტენცია არაა. პატრიარქის მდივანმა დააზუსტა, რომ პატრიარქს შეუძლია იშუამდგომლოს პრეზიდენტთან პატიმრის შესაწყალებლად და ასეთი შემთხვევები წარსულში არაერთხელ ყოფილა. როგორც მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, ამ ფუნქციის სპეციალური განყოფილებაც არსებობს საპატრიარქოში და დააზუსტა, რომ ისინი რეკომენდაციას მსუბუქ დანაშაულებზე უწევენ. რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს უშუამდგომლოს, მიქაელ ბოტკოველმა კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა.

"მისი შუამდგომლობით შეწყალების შემთხვევები ყოფილა და საპატრიარქოში არსებობს ასეთი განყოფილება სადაც ხდება შემოტანა დოკუმენტაციის და განხილვის შემდეგ გადაეცემა პრეზიდენტს და იუსტიციის სამინისტროს. ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას მსუბუქ დანაშაულებზე,"- განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

პატრიარქის მდივნის თქმით, მან ილია მეორის წერილთან ერთად მიხეილ სააკაშვილს სეფისკვერიც გადასცა. მიქაელ ბოტკოველმა ასევე უპასუხა კრიტიკას იმასთან დაკავშირებით რომ მოშიმშილე პატიმართან სეფისკვერი უკვე ორჯერ მიიტანა:

"სეფისკვერი დაიტოვა, თუმცაღა გამოთქვა წუხილი, რომ რადგანაც არ ჭამს ვერ მიირთმევს და თქვა რომ შეინახავს. ეს არ არის ყოფითი გაგებით პური და ეს არ არის მოშიმშილე ადამიანის შეურაცხყოფა. ამიტომ, დღესაც იგივე გავაკეთე,"- განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

დღის ამბები