196 ქვეყანას შორის 41-ე ადგილზე - საქართველომ გლობალური კორუფციის ინდექსში 2021 წელს 9 ადგილით მაღლა აიწია. გაუსწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ 9 სახელმწიფოს, მათ შორის სლოვაკეთს, ხორვატიას, უნგრეთს, ბულგარეთს რუმინეთს და თურქეთს.
კვლევა შვეიცარულმა ორგანიზაციამ, "გლობალ რისკს პროფილმა" ჩაატარა, საქართველო კი მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 25 პროცენტში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კორუფციის ინდექსი აქ შემცირებულია. მსოფლიოს მოწინავე ანალიტიკურმა ცენტრმა გამოკითხვა სხვადასხვა მიმართულებით ჩაატარა, კითხვები დაისვა მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზეც, საქართველო აქაც დაწინაურდა და 40 საუკეთესოში 38-ე ადგილზე მოხვდა.
შვეიცარული კვლევითი ორგანიზაცია კორუფციის დონეზე ინფორმაციებს მოქალაქეებისგან, ბიზნესმენებისგან, მსხვილი კომპანიებისგან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან იღებს.
ქართველი ექსპერტები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, საქართველოს დაწინაურებას ბოლო პერიოდში გატარებულ რეფორმებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ ეს აღიარება ქვეყნის იმიჯზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.