"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას ოპოზიციაში გამოხმაურება უკვე მოჰყვა. "სტრატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ ინიციატივას მხარს უჭერენ, თუმცა, ლუსტრაციის კანონის პრაქტიკული განხორციელება ცოტა რთულად ესახებათ.
"თავისუფალი ვაჭრობა და ამერიკული ბაზები ჩვენი პარტიის პრიორიტეტიც არის და ყველა პროდასავლური პარტიის პრიორიტეტია. ამიტომ, აქ ერთიანები ვართ მთლიანად პროდასავლური ოპოზიცია. ლაპარაკია იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, სინერგია უნდა იყოს ჩვენს ქმედებებში.
რაც შეეხება ლუსტრაციის კანონს - თავის დროზე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. არქივების უდიდესი ნაწილი, 2/3-ზე მეტი, თავის დროზე, 30 წლის წინ, უკვე გატანილია რუსეთის უშიშროების მიერ საქართველოდან, ამიტომ, პრაქტიკულად ამის განხორციელება, ვფიქრობ, ძნელი იქნება,"- აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე.
"გირჩის" ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, ინიციატივა კარგია, თუმცა, ეჭვი ეპარება, რომ პარტიებმა ამ ინიციატივების გარშემო გაერთიანება შეძლონ.
"მშვენიერი იდეაა - ამერიკის ბაზებზე უკეთესი რა შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლუსტრაციის კანონით ჩვენ საბოლოოდ დავშორდეთ საბჭოთა წარსულს და, ამ კუთხით, მე არათუ პრეტენზია არ მაქვს, პირიქით - მხარს დავუჭერ, თუ ჩემი მხარდაჭერა იქნება საჭირო. მეორე საკითხია, რომ ამ თემებზე საუბარი მაშინ, როცა სრულიად წვრილმან რაღაცებზე ვერ შევთანხმებულვართ და ჩხუბში ვართ ერთი წელია, მგონი, შეუძლებელია, ამერიკის ბაზა განვათავსოთ აქ, ასეთ ფონზე,"-აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე 3 ინიციატივას ასახელებს და მრგვალი მაგიდის ფორმატში ყველა დაინტერესებულ მხარეს იწვევს.