16 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
ოპოზიციას ჩადენილი აქვს ცოდვების კომპლექსი და უნდა სხვაც ცოდვილი გახადოს, ეძებენ გარდაცვლილს, რომ ხელისუფლებას მიაწერონ - ირაკლი ქადაგიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის წარმომადგენლობა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამას ზეწოლასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს. მათი თქმით, სწორედ ზეწოლით გამოწვეული ნერვიულობა გახდა მათი პარტიის წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების მიზეზი.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარები გაკეთდა თბილისშიც - "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება და შანტაჟში მონაწილე ყველა პირის დასჯა მოითხოვეს.

"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ კონკრეტულად ის ადამიანები, ვინც დღეს ამხილეს ჩემმა მეგობრებმა, აუცილებლად მიეცნენ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო. დაუყოვნებლივ საგამოძიებო ორგანოების მიერ მხილებულ იქნას ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა შანტაჟში და მოსყიდვაში," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

ბრალდებას აბსურდი უწოდეს "ქართულ ოცნებაში".

"წლების განმავლობაში მომხდარ, კრიმინალურ, სამწუხარო შემთხვევებს ყიდდნენ და ფუთავდნენ ისე, რომ ხელისუფლებამ შეუკვეთა ვიღაცის თვითმკვლელობა და თვითმკვლელობა დააბრალა, ვიღაც ახალგაზრდის სიკვდილი და ასე შემდეგ. ამ ოპოზიციას აქვს კომპლექსი იმ ცოდვებისა, რაც ჩადენილი აქვს და რადგან ამ ცოდვებს ვერ ინანიებს უნდა რომ სხვაც ცოდვილი გახადოს. დადიან და ეძებენ სადმე გარდაცვლილს, სადმე რაღაცა უბედურებას, რომ იქნებ ხელისუფლებას მიაწერონ," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები