საქართველო, უკრაინა, მოლდოვა - ასოცირებული ტრიო ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდა. სამივე ქვეყანა ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საშვის მოპოვებაზე მუშაობს.
გუშინ იყო მოსამზადებელი შეხვედრები 15 დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, სადაც ევროკავშირის გარდა, 6 პოსტსაბჭოთა ქვეყანა იღებს მონაწილეობას, თუმცა ბელარუსს, აზერბაიჯანს და სომხეთს ევროკავშირთან მიმართებით არ აქვთ ისეთი მყარი ღიად გაცხადებული მიზნები, როგორიც თბილისს, კიევსა და კიშინიოვს.
ქვეყნების ლიდერებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გამართეს და ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს.
"მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა, ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს.
საერთო ისტორიის გარდა, სამივე ქვეყანას გვაერთიანებს ევროპული მისწრაფებები და ჩვენი ერების მტკიცე არჩევანი, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე.
შვიდი წლის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველ, თავისუფალ სავაჭრო სივრცეს მოიცავს, ჩვენმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება, კომპლექსური რეფორმების გზას დასდგომოდნენ, რათა საკანონმდებლო და მარეგულირებელი ნორმები თანხვედრაში მოეყვანათ ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს ვალდებულება დღეს კიდევ უფრო მტკიცედ გვაქვს გაცნობიერებული.
კიევში ხელმოწერილი ერთობლივი მემორანდუმის, შემდეგ კი ბათუმში გაფორმებული ლიდერთა დეკლარაციის საფუძველზე, ასოცირებული ტრიო შევთანხმდით, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებით - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაბამისად, რათა ერთიანი ძალისხმევით სრული სარგებელი მივიღოთ ამ შეთანხმებებიდან“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ასოცირებული ტრიოს მიზნებზე საუბრობს.
"ასოცირებული ტრიოს ინიციატივის მიზანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა გახდეს უფრო ძლიერი და უფრო მდგრადი. ინკლუზიურობა და მეტი მეტისთვის მიდგომა, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებები,“ - ამბობს უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი.