უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. მათ დღეს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.
სხდომას ბოიკოტს უცხადებდა ოპოზიციის ნაწილი. განხილვაში ჩართვის საშუალება კი ჰქონდათ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს.
ოპოზიციის მეორე ნაწილი კი არ აპირებს კანდიდატებს მხარი დაუჭიროს.
"ვერც კომპეტენციის და ვერც კეთილსინდისიერების ნაწილში მათ მიერ განხილული საქმეები, მათი განვლილი სამოსამართლო საქმიანობა არ იძლეოდა იმის განცდას, რომ განსაკუთრებით ორი მათგანი, იმსახურებდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობას. მე არც ერთ მათგანს არ დავუჭირე მხარი იმიტომ, რომ მიმაჩნია ჩვენს ქვეყანას ჰყავს უკეთესი იურისტებიც და მოსამართლეებიც, რომლებიც იმსახურებენ უზენაეს სასამართლოში გამწესებას," - განაცხადა "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა.
"ჩვენ ადრეც ვთქვით და ახლაც გავიმეორებთ, რომ არც ერთი კანდიდატისთვის მხარის დაჭერას არ ვაპირებდით მარტივი მიზეზის გამო: საერთოდ არ შევდიოდით და არ შევდივართ მათ პიროვნულ უნარ-ჩვევებში, კომპეტენციაში, პროფესიონალიზმში. თვითონ პროცესი არის არასწორი, ამიტომ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა უბრალოდ ჩვენთვის მიუღებელია," - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს სასამართლო იმ მოსამართლეებით დააკომპლექტოს, რომლებიც მომავალში პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის დასჭირდება.
"მთელი ეს პროცესი არის კომპრომეტირებული, იმდენად, რომ ბატონმა კარლ ჰარცელმა, მოპატიჟების მიუხედავად, მონაწილეობაც არ მიიღო ამაში, რადგან ეს ჩათვალა ფარსად და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად. ჩემი აზრით, ხელისუფლებას არ აინტერესებს საერთაშორისო, დემოკრატიული საზოგადოების კრიტიკა, ისინი ცდილობენ, რომ მათთვის სანდო მოსამართლეებით დააკომპლექტონ სასამართლო, რომ მომავალში პოლიტიკური ოპონენტების დევნის პრობლემა არ შეექმნათ,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სწრაფი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა მათთვის პრიორიტეტია.
"სასამართლოს გადატვირთულობა საქმეებიდან გამომდინარე არის გამოწვევა, ამიტომ სწრაფი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა ჩვენთვის პრიორიტეტულია. აქედან გამომდინარე ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვის მიზნით ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ სრული ლეგიტიმაციის ფარგლებში პარლამენტს ჰქონდა უფლება ჩაეტარებინა ეს პროცესი და შედეგიც დადგება შესაბამისი.
ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს ყოველთვის კონსულტაცია, არის საკითხები, სადაც ჩვენ ვართ ერთსულოვანი და შესაძლებელია იყოს საკითხები, სადაც იყოს აზრთა სხვადასხვაობა," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
გურამ მაჭარაშვილის შეფასებით კი, ოპოზიცია პროცესს რადიკალურად და არასერიოზულად უდგება.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი წარუდგინა.