პარლამენტში განათლების მინისტრს უსმენენ. ამ წუთებში მიხეილ ჩხენკელი დეპუტატების კითხვებს პასუხობს. განათლების მინისტრის თქმით, მთავარ გამოწვევად პანდემია რჩება - ამ გამოწვევის პასუხად კი მასწავლებლების და სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის 70% ვაქცინირებულია.
მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელმა პედაგოგების ანაზღაურების და სამეცნიერო სფეროს დაფინანსების გაზრდის შესახებაც ისაუბრა.
"რა გახდა, რომ ქვეყანაში ყბადაღებული თემა დაიხუროს და სკოლის დირექტორები, მუდმივად მოვალეობის შემსრულებლად არ მუშაობდნენ, სამწუხაროდ თქვენს გამოსვლას უნდა ვუწოდოთ ცრუ რეფორმების შესახებ ინფორმაცია," - მიმართა განათლების მინისტრს პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.
კრიტიკული შეფასებები ჰქონდა განათლების მინისტრის მიმართ "ლელოს" წევრ ანა ნაცვლიშვილსაც.
"ძალიან აცდენილი ხომ არ არის თქვენი მოხსენება, როდესაც ბირთვულ კვლევებზე გვესაუბრებით და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. როცა თქვენ ხართ განათლების მინისტრი იმ ქვეყანაში, რომლის საჯარო სკოლების ძალიან დიდ ნაწილში ტუალეტში არ არის წყალი, ბავშვები სხედან მშივრები ია კერზაიას საქმე, ლუკა სირაძის საქმე, დათუნა სარალიძის საქმე - თქვენ სკოლამ რა გააკეთეთ?" - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი თეონა აქუბარდია დაინტერესდა იმით, თუ რას აკეთებს განათლების უწყება იმ კუთხით, რომ საქართველოში მოსწავლეების უმეტესობას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს.
პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა კოლეგებს მოუწოდა უფრო კრიტიკულები იყვნენ მინისტრის მიმართ:
"თქვენ იმ ქვეყნის პარლამენტის წევრები ხართ სადაც სკოლის მოსწავლეებს 77% დროდადრო ან ხშირად შიმშილობს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ოპოზიციის კითხვები გააკრიტიკა უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა, თავად კი საზღვარგარეთ ქართველოლოგიური ცენტრების ფუნქციონირებითა და ქართული მეცნიერების შედეგებით დაინტერესდა:
"ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები მაინც და მაინც შინაარსობრივ კითხვებს ვერ დაგისვამენ, იმიტომ რომ ყველაფერში პოლიტიკას ხედავენ ან გაუკუღმართებულ პოლიტიკას, ამიტომ ამას დიდად ნუ მიაქცევთ ყურადღებას. კარგია რო ისინი უმრავლესობაში არ არიან. ქართველოლოგიური ცენტრი ჰარვარდის უნივერსიტეტში, თქვენი და პრემიერის დიდი დამსახურებაა რომ ეს მოხდა პირველად ჩვენს ისტორიაში, რა შედეგებს მოუტანს ეს ქართულ მეცნიერებას," - მიმართა გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრს.
ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკის ინტერესის საგანს წარმოადგენდა ის თუ რა მდგომარეობაა პედაგოგების მომზადების მხრივ ქვეყანაში
"მე ვფიქრობ, რომ საგანგებო ყურადღება სჭირდება პედაგოგებს, ეთნიკურად არაქართველ პედაგოგებს, რომლებიც არაერთხელ შემხვედრიან და ერთგულად ასწავლიან ქართულ ენას. მათ ყურადღება უნდათ და მათნაირი ხალხის აღზრდა, პედაგოგების აღზრდაა საჭირო და ამ მხრივ თუ არის დაგეგმილი და თუ არა ესეც უნდა ვთქვათ," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ქართული ოცნების წევრი დეპუტატი გივი მიქანაძე დაინტერესდა იმით, თუ რა ვითარებაა რიგ უნივერსიტეტებში საერთო საცხოვრებლების მშენებლობების და არსებული საცხოვრებლების გარემონტების კუთხით.
ბავშვის სკოლაში შეყვანის ასაკს ეხებოდა უმრავლესობის წევრის კახი კახიშვილის კითხვა. დეპუტატმა განათლების მინისტრს შესთავაზა ხომ არაა შესაძლებელი, რომ სკოლის პირველ კლასში შესვლა შეეძლოს ყველა იმ ბავშვს, რომელსაც 6 წელი მიმდინარე სასწავლო წლის 31 დეკემბრამდე უსრულდება:
"ცვლილება მოვახდინოთ იმ სახის, რომ სასკოლო ასაკში ბავშვი შეიძლება მივიყვანოთ თუ სასკოლო წელს 31 დეკემბრამდე მათ შეუსრულდებათ 6 წელი," - განაცხადა კახი კახიშვილმა.