NATO-ს მინისტერიალზე საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს - რიგაში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ალიანსის ასპირანტი ქვეყნების საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.
როგორ ხედავს საქართველო ჩრდილოატლანტიკურ გაწევრიანების უახლოეს სამოქმედო გეგმას და იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა იყოს გადადგმული საქართველოს მხრიდან, ამაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა.
დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მინისტერიალის ფარგლებში განიხილეს ის წინადადებები, რომელთაც საქართველო NATO-ს პარტნიორების წინაშე წარადგენს.
"განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის კონცეფციაზე და იმაზე, თუ რა წვლილი შეაქვს საქართველოსა და უკრაინას შავის ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებაში. ასევე იყო საუბარი იმაზე, თუ რა როლს თამაშობს ნატო მთლიანად შავი ზღვის არეალში. მეორე მიმართულება არის ნატოს განახლებული კონცეფცია 20-30. ანუ, როგორ წარმოგვიდგენია რომ ჩვენი გზა მაქსიმალურად დამოკლდეს ნატოში ინტეგრაციის კუთხით. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის ის, რომ ასპირანტი ქვეყნების შესახებ ანგარიშის მიღება მოხდა ამ მინისტერიალზე, რასაც მაღალი შეფასება მიეცა. არის მეოთხე მიმართულებაც - ჩვენ ნატოელ პარტნიორებს შევთავაზეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ წარმოგვიდგენია ნაბიჯების ერთობლიობა, რომელმაც ჩვენი ნატოსთან დაახლოება უნდა უზრუნველყოს,"- აცხადებს დავით ზალკალიანი.
რიგის სამიტზე ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ქვეყნის წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ნატოს ოპერაციებსა და მისიებში - დიდია.