საქართველოს საზღვრის არალეგალურად გადმოკვეთის შემდეგ, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სასამართლოს დარბაზში დღეს მეორედ გამოჩნდა. ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის შესახებ მორიგი სხდომა გამართა.
ძვირადღირებული სასტუმროები, კოსმეტიკური და გასახდომი პროცედურები, შოპინგი, მოდელების და მოცეკვავეების ვოიაჟები - სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტობის ბოლო 4 წელიწადში, 9 მილიონამდე ლარი დაახარჯა, თანხა კი ბიუჯეტიდან მიითვისა.
ყოფილმა პრეზიდენტმა პროცესი კვლავ გამოიყენა პოლიტიკურ გამოსვლისთვის, რა დროსაც მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალის სამართლებრივ ნაწილზეც ისაუბრა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან ამოღებული დოკუმენტების საფუძველზე, პროკურატურა ბიუჯეტის თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას მიხეილ სააკაშვილს, კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე ედავება. გამოძიების ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის ესთეტიკურ პროცედურებს, მოგზაურობას, პირადი ნივთების შეძენას და ოჯახის წვერების სამედიცინო თუ საგანმანათლებლო საჭიროებებს მოხმარდა.
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის დროს დარბაზში რამდენჯერმე დაიწყო კამათი მხარეებს შორის. ბრალდებულის დაცვის მხრიდან პროკურორების აცილების შუმდგომლობაც დადგა, თუმცა, საქმის მოსამართლემ ადვოკატების ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სხდომა არსებული შემადგენლობით გაგრძელდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილის თხოვნით დარბაზში ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ. ბრალდებულმა მედიის წარმომადგენლებს რამდენჯერმე მიმართა და თქვა, რომ სასამართლო სისტემის ცვლილების შემთხვევაში, ის მზად არის საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.
უკვე დამდგარი განაჩენების საფუძველზე, ყოფილ პრეზიდენტს, დაუსწრებლად, 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი; დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვის საქმეზე მომდევნო სხდომა კი 27 დეკემბერს ჩაინიშნა.