პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფორმატში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს უსმენენ.
კითხვების დასმის რეჟიმში მინისტრს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გელათის სამონასტრო კომპლექსის ვითარებით დაინტერესდა და როგორც მან აღნიშნა, მინისტრი თავისი მოხსენების განმავლობაში საკითხს არ შეხებია. ელისაშვილის თქმით, გელათში კატასტროფული შედეგია, რადგან ის არასწორად გადახურეს და ფრესკები დაზიანდა.
"გაოგნებული ვარ, რომ ამხელა მოხსენების დროს ერთხელაც არ ახსენეთ გელათი, ვითომ იქ ყველაფერი კარგად არის და ის უბედურება არ მომხდარიყოს, რაც მოხდა, როდესაც უზარმაზარი ფული დაიხარჯა, მათ შორის მსოფლიო ბანკის.
თქვენ როდესაც კომიტეტის თავმჯდომარე იყავით, განხილვაც მოაწყვეთ, მაგრამ შედეგი რა გვაქვს? როგორც ვიცით, გამოძიება მიმდინარეობს, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, იმ ენით აუწერელი მავნებლობისთვის, რაც გელათში ჩაიდინეს, ვინმე დაისაჯა? როგორც ვიცი, "იუნესკოს" რეკომენდაციაა, რომ 1-ელ თებერვლამდე ყველაფერი უნდა მეტ-ნაკლებად აღდგეს. შესრულდა თუ არა ეს და რა ხდება ახლა, ისევ თუნუქით არის გადახურული გელათი და საფრთხის ქვეშ არის თუ ამ სირცხვილს თავი მოვაბით და დავძლიეთ?" - მიმართა ელისაშვილმა წულუკიანს.
გარდა ამისა, გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მინისტრთან კითხვები ჰქონდათ ასევე სხვა დეპუტატებსაც.
"სათანადოდ მნიშვნელოვანად არ მიიჩნევთ გელათის თემას რომ თქვენს მოხსენებაში მოხვედრილიყო, თუ პასუხები არ გაქვთ იმ ბევრ კითხვაზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს," - განაცხადა "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.