16 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები ოპოზიციის გარეშე აირჩიეს - ენმ განცხადებით, მათი პროტესტი ერთჯერადი იყო

თბილისის საკრებულოში სხდომა ოპოზიციის დიდი ნაწილის გარეშე გრძელდება. მათ გარეშე აირჩიეს როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე თავმჯდომარის მოადგილეებიც. 

მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა გიორგი ახვლედიანმა დაიკავა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე კი  თინათინ ნიბლოშვილი და ზურაბ აბაშიძე დაამტკიცეს.  მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების თანამდებობებზე კანდიდატურები საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ  დაასახელა.

სხდომის დატოვების შემდეგ თბილისის საკრებულოს წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვება ერთჯერადი აქტი იყო და ისინი აპირებენ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ყველა სხდომაში, სადაც მოქალაქეების პრობლემები განიხილება:

"ჩვენ დავტოვეთ დღევანდელი სხდომა მხოლოდ, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას აუცილებლად, ყველა სხდომაზე, სადაც განიხილება ჩვენი მოქალაქეების პრობლემები, ჩვენ ვიქნებით, ჩვენ ვიბრძოლებთ ყოველდღიურად და ყოველწუთიერად. ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში რამხელა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისია," - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

პროტესტის მიზეზი განმარტეს გახარიას პარტიაშიც. თბილისის საკრებულოს წევრი ზაზა თავაძე ამბობს, რომ მათ თანამშრომლობის შეთავაზება გაუკეთეს როგორც ხელისუფლებას ასევე ოპოზიციას, თუმცა ორივე მხრიდან იგნორი  მიიღეს. ზაზა თავაძის თქმით, შესაბამისად, ისინი ფარსში მონაწილეობას არ აპირებენ.

"ჩვენმა პარტიამ რაღაც პერიოდის წინ შესთავაზა, როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურ პარტიას დავმსხდარიყავით სამეული და გვესაუბრა ყველაფერზე, ეს იგნორირებული იქნა მათ მიერ. მეორე შეთავაზება იყო, რომ თუ ისინი ვერ თანხმდებოდნენ, ამ შემთხვევაში ყოფილიყო ჩვენი კანდიდატურების შეთავაზება, ამაზეც იგნორი მივიღეთ, შესაბამისად ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ,"- განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ზაზა თავაძემ.

თბილისის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ოთარ გრიგოლია ამბობს, რომ მიუხედავად ოპოზიციის დღევანდელი პროტესტისა, მმართველი პარტია მაინც მზადაა კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის:

"" ნაციონალური მოძრაობიდან" მიჩვეული ვართ, რომ ისინი ბოლო წლის განმავლობაში საკრებულოში პრაქტიკულად არცერთ სამუშაო პროცესში ჩართული არ ყოფილან. მაგრამ სხვა პარტიების მხრიდან ცოტა არ იყოს გასაკვირი იყო. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მზად ვართ განვიხილოთ მათი წინადადებები, პოზიციები და კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელოთ ქალაქის განვითარება," - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

დღის ამბები