ოპოზიციონერი დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს კითხვით მიმართა.
სამადაშვილი გამოეხმაურა წულუკიანის განცხადებას ლიტერატურულ პრემია - "ლიტერასთან" დაკავშირებით და დაინტერესდა, მინისტრს ზუსტად განემარტა, "რატომ ერჩის ის ამ პროექტს?"
"ქალბატონო თეა, თქვენ აქ, საქართველოს პარლამენტში ჩემს მეგობარს, ელენე ხოშტარიას მიმართეთ, რომ - შენო უწიგნური ხარო, მე რომ ბავშვობაში წიგნს ვკითხულობდი, შენ ფეხბურთს თამაშობდიო. ასეთი საკუთარი წიგნიერებით თავმომწონე ადამიანისთვის ძალიან უცნაურია, რომ როგორც კი კულტურის სადავეები ჩაიგდეთ ხელში, თქვენი სადამსჯელო ინსტიქტები სწორედ ქართველი მწერლების წინააღმდეგ მიმართეთ. მინდა გითხრათ, რომ საბჭოთა კავშირში კომუნისტურმა პარტიამ პირველი შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა, სწორედ მწერალთა კავშირი იყო, იმიტომ რომ იცოდნენ მწერლობის გავლენა და ღირებულება საზოგადოებაში.
ახლა გისმინეთ და რაც გავიგე ისაა, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივაცია უდევს სარჩულად თქვენს დამოკიდებულებას კონკურს "ლიტერასთან" დაკავშირებით. თქვენ თქვით, რომ არ აპირებთ მწერლობას და კარგია, რომ მინისტრისგან, რომელმაც ჟურნალისტს მიკროფონი გამოგლიჯა, ალბათ არც ის გაგვიკვირდება რომ კალმები აეცალა მწერლებისგან. კარგია რომ ამას არ აპირებთ. მაგრამ თუ შეიძლება კიდევ ერთხელ განგვიმარტეთ ზუსტად რატომ ერჩით "ლიტერას", - მიმართა სამადაშვილმა წულუკიანს.
ცნობისთვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თქმით, მისი უწყება ახალ ლიტერატურულ პრემიას დააფუძნებს. როგორც თეა წულუკიანი ამბობს ლიტერატურული პრემია - "ლიტერა" კერძო სტრუქტურამ მიითვისა.