კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა კანონმდებლებს ანგარიში ჩააბარა. ოპოზიციონერებსა და თეა წულუკიანს შორის არაერთხელ იყო სიტყვიერი დაპირისპირება. სხდომათა დარბაზში, დეპუტატების კითხვებზე პასუხების გაცემის დროს ისმოდა რეპლიკები.
თაკო ჩარკვიანსა და მინისტრს შორის სიტყვიერი დაპირისპირების გამო პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ მოითხოვა რეგლამენტის დაცვა. მიუხედავად ამისა, დარბაზიდან შეძახილები არ წყდებოდა. ისმოდა ერთმანეთის კრიტიკა.
მანამდე დაპირისპირება იყო მინისტრსა და კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს შორის. ტრიბუნიდან ვიცე-პრემიერი, დარბაზიდან კი სალომე სამადაშვილი ერთმანეთს წარსულს ახსენებდნენ.
მინისტრს ტონი დაუწუნეს ოპონენტებმა. ოპოზიციაში თქვეს, რომ თეა წულუკიანი სიძულვილის ენით საუბრობს. "სტრატეგია აღმაშენებლის" წვერს ტრიბუნიდანვე უპასუხა ვიცე-პრემიერმა.
დეპუტატების კითხვებამდე თეა წულუკიანმა კონკრეტულ მიღწევებზე და სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრმა დეპუტატებს ლიტერატურულ პრემია ”ლიტერაზეც” მიაწოდა ინფორმაცია.
დეპუტატების კითხვების უმრავლესობა გელათის ტაძარს უკავშირდებოდა. მინისტრმა თქვა, რომ ბოლოს განხორციელებულმა სამუშაოებმა კედლის მხატვრობის ნაწილი განადგურებას გადაარჩინა. თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ არსებული ვითარება შენარჩუნდება და გაძლებს იქამდე, ვიდრე კომპლექსური და გრძელვადიანი გეგმა დაიდება.