შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შარლ მიშელს, ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰელს მიმართავენ და ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს მოუწოდებენ, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესახებ შეახსენონ:
1. 29 ივლისს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბატონმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება ტოვებს" 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებას. ეს შეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის, ელჩის მიშელ დანიელსონის ხანგრძლივი მოლაპარაკებებითა და ძალისხმევით იქნა მიღწეული. მიზეზად მმართველმა გუნდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთანხმების ხელმოწერაზე უარი დაასახელა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიციის შემდგომი ცვლილება და 2021 წლის 1-ელ სექტემბერს შეთანხმების ხელმოწერის გადაწყვეტილებას არ მოჰყოლია მთავრობის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები. მათ მაინც მიაჩნიათ დოკუმენტი ანულირებულად.
2. ხელშეკრულების დატოვებამდე, "ქართული ოცნება" ძირს უთხრიდა ამ შეთანხმების არსს და მიზანს თავისი ქმედებებით. სასამართლოში დანიშვნების გაგრძელება, სასამართლო სისტემის რეფორმების შეფერხება, საარჩევნო რეფორმების არასრული განხორციელება და ამნისტიის კანონის შესახებ შეთანხმებული ვერსიის მიღებაზე უარი, ამის რამდენიმე მაგალითია.
3. ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, პოლიტიკური პარტია "ლელო"-ს ლიდერების; ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ კვლავ გრძელდება სისხლის სამართლებრივი დევნა.
4. სასამართლო რეფორმის პროგრესის ნაკლებობის გამო, საქართველომ დაკარგა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პაკეტი 2021 წლისთვის. ევროკავშირის განზრახვის საპირისპიროდ, "ქართული ოცნების" მთავრობამ, რათა თავიდან აეცილებინათ მორიგი საჯარო საყვედური განუხორციელებელი რეფორმების გამო, განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება იყო უარი ეთქვა დახმარების პაკეტზე.
5. სულ უფრო აგრესიული ხდება ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა საქართველოს ევროპელი მეგობრებისა და ევროპელი პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებით. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მათ ხშირად ახსენებენ, რომ საქართველო არის "სუვერენული სახელმწიფო" - რუსული დოქტრინის "სუვერენული დემოკრატიის" მსგავსად.
6. მიმდინარე წლის ნოემბერში იუსტიციის სამინისტრომ უარი უთხრა ციხეში შესვლაზე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და მის კოლეგას ლიეტუვის სეიმიდან, ბ-ნ რაიმონდას ლოპოტას. მათი მიზანი იყო გლდანის ციხეში შიმშილობის დროს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობების შეფასება. ქალბატონი ფოტიგა, წლების განმავლობაში, არაერთხელ ეწვია ქართულ ციხეებს სხვა და სხვა პოლიტიკოსების მოსანახულებლად, რომლებიც იხდიან ან იხდიდნენ სასჯელს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზიტზე უარი ეთქვა. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია მას შემდეგ, რაც საქართველოს ომბუდსმენმა განაცხადა, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში მოთავსება არღვევს სახელმწიფოს ვალდებულებას, პატივი სცეს ადამიანის ღირსებას და Amnesty International-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მის საქმეს "პოლიტიკური ანგარიშსწორება" უწოდა.
7. საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო პუნქტია, გაჩერებულია. პოლიტიკური კონსენსუსის უპრეცედენტო მაგალითია, როდესაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს პირველი მოსმენით პარლამენტში სექტემბერში. ახლა "ქართულმა ოცნებამ" განაახლა დისკუსიები შესაძლო ცვლილებების შეტანის თაობაზე უკვე მიღებულ პროექტში. საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსის გადასინჯვა კიდევ ერთი უკუსვლა იქნება საქართველოსთვის და შესაძლოა მორიგი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს.
მტკიცედ გვჯერა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს. ისინი ქმნიან გადაულახავ დაბრკოლებებს ჩვენი წინსვლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ძირს უთხრიან ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს განამტკიცოს მისი ევროპული მომავალი.
ამის გათვალისწინებით, ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი გამოიყენებს EAP-ის მომავალ სამიტს, როგორც შესაძლებლობას შეახსენოს საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესახებ. "პირობითობის" მექანიზმის გამოყენება, შესაბამისი დახმარების გამოყოფისას, არის ერთადერთი გზა საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად და ჩვენი ქვეყნის იმ საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან დასაბრუნებლად, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი მხარს უჭერს"- ნათქვამია მიმართვაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ: ხატია დეკანოიძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; ბადრი ჯაფარიძე - "ლელო"; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - "გირჩი - მეტი თავისუფლება" ; სალომე სამადაშვილი; ხათუნა სამნიძე - "რესპუბლიკური პარტია"; გრიგოლ ვაშაძე; გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი"; იაგო ხვიჩია - "გირჩი"