16 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
რა შემთხვევაშია თანახმა მმართველი გუნდი საყოველთაო შერიგებაზე - სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა 

საყოველთაო შერიგების შესახებ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა პოლიტიკური განხილვის საგანი ხდება. მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მას გარკვეული წინაპირობები აქვს.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპონენტებს მოუწოდებს, პირველ რიგში დანაშაულები მოინანიონ და თქვან, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის.

"ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის აუცილებელი ქვეყნისთვის, მაგრამ შერიგებას, მათ შორის პოლიტიკაში, აქვს წინაპირობები. ამის წინაპირობა არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სინანული. ალბათ ქალბატონი სალომეც ამას გულისხმობდა. რა თქმა უნდა, ნაბიჯები უნდა გადაიდგას და უნდა მოვუწოდოთ კიდევ ერთხელ ამ პოლიტიკურ ძალას, მოინანიოს მის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები. და არა მარტო მოინანიოს, არამედ შემდეგ თქვას, რომ ამ დანაშაულთა ჩამდენი პოლიტიკური ძალის ადგილი, პოლიტიკაში არ არის. 48 მილიონს რომ მოიპარავ და კიდევ პოლიტიკაში გინდა ყოფნა, ადამიანს რომ აწამებ და კიდევ პოლიტიკაში გინდა ყოფნა, შეკვეთას რომ მისცემ ადამიანის ცემის და მკვლელობის და კიდევ პოლიტიკაში გინდა ყოფნა, ტერიტორიების 20%-ს რომ ჩააბარებ რუსეთს და კიდევ პოლიტიკაში გინდა ყოფნა, აქ რაზეა საუბარი?" - ამბობს ირაკლი კობახიძე.

თბილისის მერი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ რეალობაში, სადაც "ნაციონალური მოძრაობაა" წარმოდგენილი, შერიგება შეუძლებელია.

"დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში, სადაც ნაციონალური მოძრაობა არის წარმოდგენილი, რომელიც დაფუძნებულია დესტრუქციაზე, სიძულვილზე, ბოროტებაზე და ყველაფერ ცუდზე, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, მე ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება ამის გაკეთება," - ამბობს კახა კალაძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე დეპოლარიზაციის შემცირება მნიშვნელოვანია, თუმცა იმას, რაც მოხდა სამართლიანი შეფასება უნდა მოჰყვეს.

"ძალიან გვსურს, რომ შევამციროთ დეპოლარიზაცია, თუმცა დეპოლარიზაციის შემცირება ერთადერთ შემთხვევაში გახლავთ შესაძლებელი, როდესაც სამართლიანად მოხდება იმის შეფასება, რაც აქამდე იქნება სადაო," - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები