საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს კონგრესის ორივე პალატაში, სახელმწიფო დეპარტამენტში და ვაშინგტონში ბაზირებულ საგარეო პოლიტიკის საკითხზე მომუშავე ინსტიტუტებთან.
NATO-ში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარება და რუსეთის საფრთხის წინაშე მყოფი რეგიონის ქვეყნებისთვის ამერიკული დახმარების გაზრდა, შეხვედრებზე მთავარი განსახილველი თემა იყო.
ასევე საუბრები მიმდინარეობდა, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გასაფორმებლად.
ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დემოკრატიის საკითხები, პოლიტიკური პოლარიზება და რეფორმები, მათ შორის სასამართლოს რეფორმა. ამ თემებზე დელეგაციას სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკა ოლსონი ესაუბრა. საქართველოს დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტად მყოფ უკრაინელ კოლეგებსაც შეხვდა.
"პოლიტიკური სიმბოლური დატვირთვა ამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აქვს ძალიან დიდი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იქნება კიდევ ერთი სიგნალი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. თითქმის ყველა შეხვედრაზე კონგრესში ამ თემაზე გვქონდა საუბარი და დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე უკვე ხელშესახებ პროგრესს ვიხილავთ ამ მიმართულებით. რამდენიმე კონგრესმენი მზად არის, რომ წერილიც კი გააგზავნოს ადმინისტრაციაში, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს," - ამბობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე.