საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მორიგი უგულვებელყოფა - ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია მოსკოვის მოთხოვნაზე, უკან წაიღოს NATO-მ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების დაპირება.
სერგეი ლავროვის უწყების მორიგ ულტიმატუმზე საუბრისას, პოლიტიკოსები ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისგან ქმედით ნაბიჯს ელიან.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რუსეთი დასავლეთს აშანტაჟებს და დროა დასავლეთმა მკვეთრი პასუხების გაცემა დაიწყოს.
პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ თავდასხმის გასანეიტრალებლად აუცილებელია დიპლომატიური ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმა.
"საჭიროა, მკვეთრი პასუხი აშკარაა, რომ რუსეთი საკუთარი აგრესიული სამოქმედო გეგმის მიხედვით მოქმედებს,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.
მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან ევროპის უსაფრთხოებაზე საუბარი სასაცილოა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის შიში რეალურია, რადგან NATO-ს წევრობასთან საქართველო ისე ახლოს არის როგორც არასდროს.
"ნატოს წევრობას წყვეტენ თავისუფალი და ამაყი ქვეყნები. რუსეთის შიში კი განპირობებულია რეალობით დღეს უკრაინა საქართველო ნატოს წევრობასთან ისე ახლოსაა, როგორც არასოდეს,"- აცხადებს იონათამიშვილი.
"აღსანიშნავია, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გამეორებულ იქნა 2008 წლის შემდგომ გამართულ NATO-ს ყველა სამიტზე. 2021 წელს ბრიუსელში ალიანსის სამიტზე მიღებული კომუნიკე კი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები დაუშვებლად მიიჩნევენ ქვეყნების საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღესდღეობით წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში,"- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.