16 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
ინიციატივა საყოველთაო შერიგებაზე - ოპოზიცია დეპოლარიზაციის მომხრეა, თუმცა ნაბიჯებს მმართველი გუნდისა და პრეზიდენტისგან ელოდება 

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება პოლიტიკურ სპექტრში. პოლარიზაციის შემცირებას ყველა ემხრობა და აცხადებენ, რომ ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მხარეებს წინაპირობები აქვთ.

პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ შერიგების ნებას "ქართული ოცნების" მხრიდან ვერ ხედავს. 

"თუ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, რომ გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული პრეროგატივები იმისთვის, რომ ამ მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, ჩემი აზრით, ეს იქნება სწორი, ეს არის ის, რაც სჭირდება ამ ქვეყანას. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ მე ვერ ვხედავ დღეს ქართული ოცნების მხრიდან რაიმე სახის პოლიტიკურ მზადყოფნას იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად რაიმე გარღვევას მივაღწიოთ ამ მიმართულებით," - ამბობს სალომე სამადაშვილი.

პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე  კონკრეტულ ნაბიჯებს თავად პრეზიდენტის მხრიდან ელოდება. პარტია დიალოგის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის მზად არის.

"მონანიება ყველას სჭირდება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ახლა ვისაუბროთ არა იმაზე, თუ ვის რა ცოდვა აქვს ჩადენილი, იმიტომ რომ ცოდვა ბევრს აქვს ჩადენილი, არამედ იმაზე, როგორ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან. აუცილებელია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ამ მიმართულებით, ჩვენ მზად ვართ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში, რასაც ჰქვია მხარეების ერთმანეთთან დაახლოება," - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

შერიგების მნიშვნელობაზე საუბრობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, თუმცა ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ სანამ რეალური ორმხრივი სურვილი არ გამოითქმევა, ვინც არ უნდა მოუწოდონ მხარეებს შერიგებისაკენ, იქამდე რეალური შედეგი არ მოჰყვება.

"მეორე საკითხია, რამდენად არიან მხარეები მზად ამისთვის, ანუ ძირითადი დაპირისპირებული მხარეები - ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. მე არ მჯერა, რომ გულწრფელი სურვილი არსებობს რომ შერიგდნენ," - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები