მუქარიდან, ღია შანტაჟზე გადასული კრემლი თბილისიდან პასუხს იღებს - ქართული მხარისთვის მიუღებელია ლავროვის უწყების განცხადება, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
"NATO-ში გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც. ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღეს წარმოადგენს სწორედ რუსეთის ქმედებები, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, "- განმარტავს საქართველოს საგარეო უწყება.
ოფიციალური განცხადების გავრცელების შემდეგ, მედიასთან სატელევიზიო კომენტარს აკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მტკიცედ აცხადებს, რომ რუსეთის განცხადება მიუღებელია, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაკი არ გადაიხედება.
"მიუღებელია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება არ გადაისინჯება. ამაზე საუბრობენ ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები. ეს არის ის ვალდებულება, რომელზეც თავად რუსეთის ფედერაციას აქვს ხელი მოწერილი. ნატოს გადაწყვეტილება არის შეუქცევადი და ეს არის გასარკვევი მხოლოდ ნატოს და იმ ქვეყანას შორის, რომელიც მიისწრაფვიუს ნატოსკენ,"- აცხადებს ზალკალიანი.