საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც საყოველთაო შერიგებას გულისხმობს, მამუკა მდინარაძე ეხმაურება. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, შერიგება პოლიტიკურ ოპონენტებს შორის მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ოპოზიცია აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს და შემდგომ "პატიებას ითხოვს".
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მხრიდან შერიგების პირობად გარკვეული საკითხების დაყენებას გამორიცხავს.
"როდესაც ცდილობ, რომ ზიანი მიაყენო აკრძალული მეთოდებით, ფეიკებით, რუსული დეზინფორმაციის სტილით, მმართველი გუნდი იქნება თუ სხვა, ვისი ოპონირებაც გიწევს, ამ დროს თან შერიგებაზე ლაპარაკი არის თვალთმაქცობა. აქედან გამომდინარე, იმ მხრიდან შერიგებაზე ლაპარაკი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ, ყველაფერს აკეთებს ამ ქვეყნის ქაოსში ჩართვისათვის, ცოტა არასერიოზულია. თუმცა, თუ ისინი გონს მოეგებიან, მათი ლიდერი საკუთარ დანაშაულებს დაარქმევს სახელს, პატიებას ითხოვს და შევთანხმდებით სიმართლეზე, ამ შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ შერიგებულები ვართ. თუ ვიღაცას უნდა, რომ შერიგების პირობად დააყენოს დამნაშავის გათავისუფლება, რაღაც ისეთი უპატიებელი დანაშაულების პატიება, რომელსაც არც სამართალწარმოება, არც ლოგიკა, არც მორალი არ ითვალისწინებს, აქ ბუნებრივია, თავადვე შევლენ ჩიხში,"- ამბობს მამუკა მდინარაძე.