რუსეთი ძველის დაბრუნებას ახალი ტაქტიკით ცდილობს - მოტივი კი იმპერიალისტურ სენტიმენტებზე გადის. თუ აქამდე ბუქარესტის სამიტის პირობა მოსკოვისთვის უბრალოდ არასასიამოვნო მოგონება იყო, გასულ კვირას "ნაღმად" შეფასდა, უკვე დღეს, კრემლმა პირველად თქვა ის, რასაც ასე ღიად არასდროს ამბობდა - "გააუქმეთ 2008 წლის დაპირება, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან". ეუთოს მინისტერიალზე ლავროვის განსაკუთრებით აგრესიული ტონი, კარგს, რომ არაფერს მოასწავებდა ამ განცხადებამაც დაადასტურა.
რიგის მინისტერიალიდან ახლახან დაბრუნებულ საგარეო საქმეთა მინისტრს საჯაროდ და პირადადაც აქვს მოსმენილი ნატოს წევრების გარანტიები, რომ ისინი რუმინეთში დადებულ პირობას ბოლომდე უერთგულებენ. ამიტომაც დიპლომატს NATO-ს სიმყარეში ეჭვი არ ეპარება და მიუღებლად მიიჩნევს ჩრდილოელი მეზობლის ამგვარ რიტორიკას. ოფიციალური თბილისი კრემლს ახსენებს, რომ NATO-ში გაწევრიანების პირობა კონსენსუსის საფუძველზე გაჟღერდა, ალიანსში გაწევრიანების სურვილი კი ქართველი ხალხის ცნობიერი არჩევანია. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლის თანახმად კი NATO-ს წევრობა შეუძლია ყველა იმ ევროპულ ქვეყანას, რომელსაც ეს სურს და სარგებლის მოტანაც შეუძლია.
ოკუპანტი სახელმწიფო, საკუთარ ინტერესებს ევროპის უსაფრთხოებაზე ზრუნვით რომ ნიღბავს, მმართველი გუნდისთვის ღიმილისმომგვრელია, თუმცა რუსეთთან ხუმრობა, რომ არ ღირს და ის მხოლოდ ძალის ენას სცემს პატივს, ეს მათთვის კარგადაა ცნობილი, ამიტომ მთავარი მოწოდება ახლა დასავლეთის მისამართით ისმის, რომ პოლიტკორექტული დიპლომატია გვერდზე გადადონ და ქმედით ნაბიჯებზე იმუშაო : იქნება ეს სანქციები, თუ ხისტი გადაწყვეტილებები წონიანი ევროპელების მხრიდან. ქვეყნის შიგნით კი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მთავარ ამოცანად უნდა იქცეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხმაურიანი განცხადება აშშ-სთან და დასავლურ სახელმწიფოებთან საუბრების შემდეგ გამოაქვეყნა, რაც უსაფრთხოების გარანტიებზე ჩამოყალიბებას ემსახურებოდა. ეს კი მხოლოდ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ვაშინგტონისა და ბრიუსელისგან მოსკოვმა სასურველი სიტყვები ვერც ამჯერად მოისმინა.