პოლიტიკური კრიზისის დაძლევის სააკაშვილეისეულ მოდელს გამოეხმაურნენ ოპოზიციაშიც - ყოფილი პრეზიდენტი ფართო ოპოზიციურ ერთობას და ქართულ საზოგადოებას საკუთარ წინადადებებს შესთავაზებს, თუმცა კონკრეტულად რა ნაბიჯებს გულისხმობს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ჯერ უცნობია.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომ საჭიროა - "ბრძოლა, რადგან თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა", ენმ-ი სრულად იზიარებს.
"მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანია ბრძოლა რა თქმა უნდა, ვიზიარებთ. 21 დეკემბერს "ნაციონალური მოძრაობა" აორგანიზებს აქციას, რომ ეს პროტესტი მასშტაბური იყოს და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
ვინ როგორ გაიგო მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და მოწოდებები - პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, მოწოდება აქციებისა და მანიფესტაციებისკენ არის ერთგვარი გამოხატვის ფორმა დემოკრატიული საზოგადოებისთვის, რათა საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები დააფიქსირონ.
პარლამენტის წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივნის
პაატა მანჯგალაძის თქმით, საუბრის დრო დასრულებულია და ახლა ქმედების დროა.