მოხდა თუ არა დაპირისპირება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რასაც შესაძლოა გახდა წინაპირობა დაეტოვებინა მინისტრის პოსტი ეკატერინე ტიკარაძეს - შესაძლო დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მმართველ გუნდში კატეგორიულად გამორიცხავენ.
საკითხზე დღეს პირველი განმარტება გააკეთა ამირან გამყრელიძემაც. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოზე სხვადასხვა საკითხის განხილვის დროს აზრთა სხვადასხვაობა ხშირად არის, თუმცა საბოლოოდ საბჭო კონსესუსამდე მიდის.
"საკოორდინაციო საბჭოზე ყოველთვის მიმდინარეობს განხილვა საკითხების. დაპირისპირებას ვერ დავარქმევ, იყო განხილვა საკითხების. როდeსაც იხილება საკითხი, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არის, მაგრამ მერე საბჭო მიდის კონსესუსამდე," - ამბობს ამირან გამყრელიძე.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. მისი თქმით, სამინისტროში პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას ელიან, თუ ვინ დაიკავებს მინისტრის თანამდებობას.
"გაჟღერდება ალბათ ცოტა, ჯერ არ არის ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი და როცა გახდება ცნობილი, გავიგებთ ყველა ერთად. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სამინისტროში, ჩვეულ რეჟიმში. კონსულტაციები მიმდინარეობს სხვა ფორმატში, სხვა სივრცეში და პრემიერ მინისტრი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.
არავითარი დაპირისპირება არ არსებობს, ამდენად, გავაგრძელოთ ყველამ მუშაობა, ისე როგორც დღევანდელ სიტუაციაში არის საჭირო," - ამბობს თამარ გაბუნია.