ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს და ვინ ჩაიბარებს ჯანდაცვის მინისტრის პორტფელს, სახელდება კონკრეტული გვარებიც თუმცა მხოლოდ ვარაუდოის დონეზე - სამთავრობო გუნდში ადასტურებენ, რომ კონსულტაციები აქტიურ ფაზაშია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის შესაძლო განხილვასთან დაკავშირებით საუბრობს.
როგორც თალაკვაძე ამბობს, ახალი მინისტრი იქნება ღირსეული პროფესიონალი, რომელიც სათანადოდ უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ჯანდაცვის სფეროში არსებობს. აქვე, მან ეკატერინე ტიკარაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
"ეკატერინე ტიკარაძეს მინდა წარმატებები ვუსურვო მის შემდგომ საქმიანობაში. მის გვერდით ჯდომა, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ თანაგუნდელები, ის რჩება ჩვენს გუნდში, ის რჩება პოლიტსაბჭოს წევრად. ჩვენ პარლამენტარებმა, წინ არ უნდა გავუსწროთ კომენტარებით პროცესს. როგორც გითხარით, მსჯელობა არის ჯანდაცვის ახალი მინისტრთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ მინისტრი. ჩემის მხრივ, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ რა თქმა უნდა, ჯანდაცვის ახალი მინისტრი იქნება ღირსეული პროფესიონალი, რომელიც სათანადოდ უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ჯანდაცვის სფეროშია," - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მომავალმა მინისტრმა თანმიმდევრულობა, პროფესიონალიზმი და პრინციპულობა უნდა გამოავლინოს.
"მნიშვნელოვანი არის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ჰყავდეს ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს უნარი, გააგრძელოს თანმიმდევრული ნაბიჯები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხასიათის თვისება ეს არის პრინციპულობა და მე მივესალმები ყველა იმ კანდიდატს, რომელიც თავის უნარ-ჩვევებში გამოავლენს მაღალ პროფესიონალიზმს, თანმიმდევრულობას და პრინციპულობას. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული ჯანდაცვის ის რეფორმები, რომელიც დღეს დაწყებული," - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.