16 ნოემბერი 2024,   11:56
ვრცლად
გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ "სჯიან" და ფრაქციის შექმნის საშუალებას არ აძლევენ - რას პასუხობენ მმართველ გუნდში

საპარლამენტო რეგლამენტზე ისევ დავაა - გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" წევრები ცალკე ფრაქციის ჩამოყალიბებას მოითხოვენ. ანა ბუჩუკურის თქმით, მათ ფრაქციის შექმნის საშუალება არ ეძლევათ.

"გუშინ ვიხილეთ საჯაროდ მოთხოვნა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი უერთდება "ლელოს" და მიმდინარეობს მსჯელობა რომ შეაქმნევინონ ფრაქცია, რაც რა თქმა უნდა ჩემთვის მისასალმებელია, რაც მეტი ფრაქცია იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. მაგრამ თუკი ეს უფლება აქვს "ნაცმოძრაობას" და "ლელოს", ბუნებრივია ეს უფლება გვაქვს ჩვენც. ძალიან უწყინარი კითხვა დავსვი და სრული დაბნეულობა გამოიწვია. პასუხი უბრალოდ არ ჰქონდათ და ასე ვთქვათ გადააბრალეს იმას, რომ საპროცედურო კომიტეტი განიხილავს და განმარტავს ამ საკითხებს.

ჩვენ გვსჯიან იმიტომ რომ გავბედეთ და "ოცნება" დავტოვეთ და მეორე მხრივ თავიანთ დეპუტატებსაც ეუბნებიან, ჩვენგან თუ წახვალთ, ანალოგიურ მდგომარეობაში ჩავარდებით," - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ანა ბუჩუკურს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უპასუხა, კობახიძის თქმით, ამის მიზეზი კონსტიტუციური ჩანაწერია.

"კონსტიტუცია იძლეოდა მიმართებით რეგლამენტის დონეზე განსხვავებული რეგულირების საშუალებას, ამის საშუალებას არ იძლეოდა იმ დეპუტატებთან მიმართებით, რომლებმაც დატოვეს კონკრეტული პარტია, არა ბლოკი, არამედ პარტია. ეს არის მიზეზი ანუ კონსტიტუციური ჩანაწერი არის ამის მიზეზი. მე მგონი, ისინი იმითაც ბედნიერი უნდა იყვნენ, რომ "ოცნების" ხარჯზე არიან დღეს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში," - განაცხადა კობახიძემ.

აღნიშნული დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" სიით არიან მოხვედრილები რეგლამენტი კი ერთი პარტიის მხრიდან მხოლოდ ერთ ფრაქციას ცნობს.

დღის ამბები