16 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
1 დღე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე - როგორია განწყობა ქვეყნების ლიდერების შეხვედრამდე

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე 1 დღე რჩება. ხვალ ბრიუსელში ერთმანეთის პირისპირ, 2017 წლის შემდეგ პირველად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერები შეხვდებიან.

ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ამბობენ, რომ სამიტის ძირითადი 2 განსახილველი საკითხი, პანდემიის გამოწვევები და რეგიონში არსებული ვითარება იქნება. ყურადღება გამახვილდება კრემლის აგრესიულ პოლიტიკაზე და ასევე იმაზეც, თუ როგორ ასრულებენ ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნები ნაკისრ ვალდებულებებს. სამიტი ევროკავშირისა და მოსკოვის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე წარიმართება. სამიტზე მიიღებენ დეკლარაციის პროექტსაც.

"განხილული იქნება ის თემები, რა მიმართულებითაც შესაძლოა 3 ქვეყანას უფრო მეტად გაძლიერებული დისკუსია შეიძლება ჰქონდეს. გვაქვს სურვილი და მოკრძალებული მოლოდინი, რომ დაფიქსირდება პოლიტიკური მიმართულების საკითხი, როგორიც არის ჩვენი ევროპული არჩევანის აღიარება,"- აცხადებს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი.

ექსპერტები კი ამბობენ, რომ რეგიონში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, ეს სამიტი შეიძლება გახდეს ძალიან კარგი გადატვირთვა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ურთიერთობებს შორის. 

"ევროკავშირი მკაფიოდ დააფიქსირებს ყველა ქვეყნის პოლიტიკური არჩევანის თავისუფლების უზენაესობას, ძლიერი ქვეყნების ჩარევის გარეშე. ასევე, ევროკავშირი კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირებს, რომ როცა საქმე მივა ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, პირობები უნდა იყოს შესრულებული და ეს ბევრად ადრე უნდა მოხდეს, ვიდრე წევრობაზე მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება. კრემლის ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირმა უკან არ უნდა დაიხიოს და ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორები გაითვალისწინოს,"- აცხადებს GLOBSEC-ის ვიცე პრეზიდენტი როლანდ ფროიდენშტეინი.

დღის ამბები