16 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონის მიღების შემდეგ მოთამაშეები გახდებიან კრიმინალები, ითამაშებენ უარეს პირობებში, არალეგალურად - რაქვიაშვილი

დღეს დარგობრივ კომიტეტზე განიხილეს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვასა და ასაკობრივი ზღვარის დაწესებასთან დაკავშირებით.  ოპოზიცია კანონპროექტს არსებული რედაქციით მხარს არ დაუჭერს. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ცვლილებათა პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვა არ უნდა მოხდეს. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ აზარტული თამაშების შეზღუდვა გამოიწვევს არალეგალურ აზარტული თამაშების მოხმარებას, რაც გაცილებით დიდ ზიანს მიაყენებს საზოგადოებას. 

"მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ მოთამაშეები  გახდებიან კრიმინალები. ისინი ნაკლებს კი არ ითამაშებენ -ითამაშებენ უარეს პირობებში არალეგალურად. მათი უფლებები იქნება ნაკლებად დაცული,ხოლო ის ადამიანები რომლებიც დასაქმებულები არიან, დაკარგავენ სამსახურს, ეს იქნება მთავარი შედეგი. საბოლოო ჯამში, ამ კანონს უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვება,“- ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი

მმართველ გუნდში კი კაზინოების შეზღუდვის ინიციატივას დადებითად აფასებენ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა დარწმუნებულია, რომ პარლამენტი მიიღებს ამ კანონპროექტს, ვინაიდან ეს ემსახურება ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებს. 

"პოპულარიზაციის შეზღუდვა, კაზინოების აკრძალვა არის მთავარი იდეოლოგიური ხაზი საკანონმდებლო ცვლილებებში და ბუნებრივია, ის უნდა იყოს დაცული. აბსოლუტურად ვეთანხმები რეკლამის აკრძალვას და ეს კარგი ნაბიჯი იქნება,"- განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

დღის ამბები