პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე და სოსო რობაქიძე ეხმაურებიან. მათი განმარტებით, ისინი ე.წ. შერიგების კამპანიას არ ემხრობიან.
რობაქიძის თქმით, უმჯობესი იქნება, თუკი დიალოგი არა "ნაციონალურ მოძრაობასთან," არამედ ხალხთან წარიმართება, რადგან პარტიების კოჰაბიტაციამ, მისი თქმით, შედეგი ვერ მოიტანა.
"18 წლის განმავლობაში ადამიანები ვწვალობთ სამართლიანობის აღდგენისთვის და ჯობია სამართლიანობა აღადგინონ, ყველაფერს დაარქვან თავისი სახელი და შემდეგ ვილაპარაკოთ შერიგებაზე. მიხეილ სააკაშვილი გატყუებთ ამ შერიგებასთან დაკავშირებით, ისე როგორც მაგათ ჰქონდათ კოჰაბიტაცია და რა მოიტანა ამან?! - არაფერი," - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
რაც შეეხება ნანა კაკაბაძეს, ის მიიჩნევს რომ საზოგადოება გახლეჩილი სულაც არ არის, შესაბამისად, შერიგების იდეა აზრს მოკლებულია.