ამ წუთებში ოპოზიცია გაფართოებულ შეხვედრას მართავს. პარტიები რამდენიმე საკითხს განიხილავენ. შეხვედრას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
შეხვედრის ინიციატორები განმარტავენ, რომ იმსჯელებენ ყველა იმ საკითხზე რომელიც მათ დღეს პრობლემურად მიაჩნიათ.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, დღეს იმსჯელებენ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივად გადასადგმელ ნაბიჯებზე.
"ამ ქვეყანაში დღევანდელი მოცემულობით რამხელა პოლარიზაცია და ზიზღიც არის, ეს უკავშირდება პოლიტიკას და მთლიანად "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია ვიპოვოთ გზები, როგორ გამოვიყენოთ ქვეყანა ამ მძიმე მოცემულობიდან," - განაცხადა ენმ-ის ხატია დეკანოიძემ.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიცია მზად არის ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის და თუ ხელისფულება პროცესს რადიკალური სცენარით წაიყვანს, ეს პირიქით, ოპოზიციის კონსოლიდირებას მოახდენს.
"ეს ზეწოლა და წნეხი ვერ მოახდენს ოპოზიციის გახლეჩვას, პირიქით, ეს მოახდენს ოპოზიციის კონსოლიდირებას. ჩვენი ამოცანა რჩება, იყო და მომავალშიც იქნება, რომ აღარ განმეორდეს ეს სიგიჟე, რაც ჩვენ ვნახეთ, მათ შორის ჩვენთან მიმართებაში," - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მზადაა პოლარიზაციის დასრულების საკითხზე პრეზიდენტს ესაუბროს, მაგრამ ხოშტარიას შეფასებით, პოლარიზაციის პროცესი ვერ დასრულდება, თუ პოლიტიკური დაჭერები იქნება. მისი თქმით, ოპოზიცია ყველანაირი მიმართულებისთვის მზადაა.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია კი აცხადებს, თუ რა საკითხებს დააყენებს შეხვედრაზე.
"სამწუხაროდ, ისეთ ღრმა კრიზისშია შეყვანილი ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის შედეგად, ჩვენ ვერ ვხედავთ სწრაფ პანაცეას, რომ ერთმა ნაბიჯმა კრიზისიდან გამოგვიყვანოს. ჩვენ გველის ბევრად უფრო გრძელვადიანი ბრძოლა, ვიდრე გვსურდა, რომ ეს ასე ყოფილიყო. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინოთ ჩვენი პარტნიორების შეხედულებები, მათ შორის, იმ ხედვაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს გასაჯაროებული და რომლის ერთ-ერთი კომპონენტი არის ამ კრიზისის ბოლომდე გაფორმება პარლამენტის საკითხზე," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.