პარლამენტში ფინანსთა მინისტრი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს. მომავალ წლის ბიუჯეტი 19 მილიარდ 171 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. ოპოზიციის ნაწილი განხილვის პროცესს ესწრება, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. "ნაციონალური მოძრაობა" კი ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება.
"მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრს მიმართა. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი არასაკმარისადაა გაზრდილი.
"ქამრების შემოჭერა" - იყო ასეთი ტერმინი, ახლა საერთოდ ლექსიკაშიც აღარაა. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ამ ბიუჯეტში თქვენ სად ხედავთ "შემოჭერილ ქამრებს“?
ერთი კარგი რაც არის, ეს არის ვეტერანების დახმარების ზრდა. არც 100 ლარი არის ის ღირსეული ანაზღაურება და თანხა, რაც ვეტერანმა თავისი თავგანწირვისთვის უნდა მიიღოს, მაგრამ ღარიბი ქვეყანა ვართ და 22 ლართან შედარებით ზრდა არის. რასაც არაფრით არ ვეთანხმები, ეს არის თავდაცვის ბიუჯეტი. პირველ ვერსიასთან შედარებით, გარკვეულწილად გაიზარდა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ აღმაშფოთებლად არასაკმარისად,“ - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილის შეფასებით კი მთავარი საფინანსო დოკუმენტი პასუხობს იმ გამოწვევებს რაც მოქალაქეების წინაშე დგას.
"მე მინდა პოზიტიურად შევაფასო ის ცვლილებები და პროგრესი, რაც ამ დოკუმენტმა წარდგენის დღიდან დღემდე განიცადა. კერძოდ, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის უპრეცედენტო ზრდა, რომელიც სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამასთან დაკავშირებით გვაქვს,“ - ამბობს რატი იონათამიშვილი.