პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს საქმიან სადილზე ხვდებიან. მანამდე, საქართველოს პრემიერ მინისტრს ორმხრივი მოლაპარაკებები ჰქონდა ესტონელ კოლგასთან.
კაია კალასი მედიასთან აცხადებს, რომ მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს, განსაკუთრებით საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, იმისათვის რომ ევროინტეგრაციის გზაზე წინ წავიდეს. გარდა ამისა, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მიუღებელია აგრესიული პოლიტიკა.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ პარტნიორებს, განსაკუთრებით საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, რათა წინ წაიწიონ ევროინტეგრაციის გზაზე. ძალიან ვწუხვართ რუსეთის ქმედებების გამო, იმ ნაბიჯების გამო, რასაც ისინი დგამენ. ვფიქრობთ, რომ რუსეთს არ აქვს იმის თქმის უფლება, თუ როგორ დაიცავს ნატო თავის საზღვრებს, ან ვის აქვს უფლება გახდეს ევროკავშირისა თუ ნატოს წევრი. ეს ჩვენი მტკიცე პოზიციაა. იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ სწრაფად მოქმედება, ამის საშუალება უნდა მიეცეთ. ამავდროულად, ეს გულისხმობს ამ ქვეყნებში რეფორმების გატარებასაც. მე ესტონეთიდან ვარ, ჩვენ უკვე გავიარეთ ეს გზა. არა იმიტომ რომ ევროკავშირი ითხოვდა ამას, არამედ იმიტომ რომ ეს ჩვენივე ქვეყნისთვის კეთდება. სასამართლო სისტემა კარგად მუშაობს, კანონის უზენაესობა დაცულია, შესაბამისად, ინვესტორებს შეუძლიათ ენდონ ჩვენს ეკონომიკას, ოპოზიცია არ არის ზეწოლის ქვეშ და დემოკრატიაც მუშაობს," - ამბობს კაია კალასი.