საქართველოს პრემიერ მინისტრისა და NATO-ს გენერალური მდივნის შეხვედრას ქართული დელეგაციის წარმომადგენლები აფასებენ. ისინი პარტნიორებს მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებისთვის მადლობას უხდიან და ამბობენ, მოლაპარაკებები დროული და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს რომ ქვეყანა ნატოსკენ მიმავალ გზაზე მსვლელობა არ უნდა შეანელოს.
"მადლიერი ვართ ჩვენი ნატოელი პარტნიორების, რომლებიც აცხადებენ, რომ ნატოს გაფართოება ორმხრივი საქმეა და არც ერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს. ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველო უკვე მოქმედებს როგორც წევრი ქვეყანა და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმ რიტორიკისა და მძაფრი განცხადებებისა, რომელიც გვესმის, ჩვენ არ უნდა შევანელოთ ჩვენი გზა ნატოსკენ. უნდა გავაგრძელოთ რეფორმები," - ამბობს დავით ზალკალიანი.
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ მომავალ წელს მადრიდში დაგეგმილი სამიტი საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
"ვიტყოდი, რომ ჩვენ რაღაც დასასრულ აკორდზე ვართ გადასული ჩვენი ურთიერთობების იმ თვალსაზრისით, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ჩვენი გაწევრიანება ნატოში. ამას თან სდევს დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის მომავალი წლის სამიტი მადრიდში, რომელიც იქნება ერთ-ერთი ქვაკუთხედი ჩვენი მომავალი თანამშრომლობის ნატოსთან, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი სტრატეგიული კონცეფცია იქნება მიღებული, სადაც ღია კარის პოლიტიკა დაფიქსირდება," - ამბობს ვიქტორ დოლიძე.