თითქმის ერთი საათია პარლამენტში ფინანსთა მინისტრი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს. მომავალ წლის ბიუჯეტი, 19 მილიარდ 171 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. ოპოზიციის ნაწილი განხილვის პროცესს ესწრება, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. "ნაციონალური მოძრაობა" კი, ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება.
ფინანსთა მინისტრს კითხვები, როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის დეპუტატებმაც დაუსვეს:
"რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება საქართველოში?" - კითხვით გიორგი ვაშაძემ საქართველოს ფინანსთა მინისტრს მიმართა, რაზეც ლაშა ხუციშვილმა უპასუხა, რომ სამუშაო ადგილს ქმნის კერძო სექტორი, სახელმწიფო კი, მათ უქმნის ყველანაირ პირობას იმისათვის, რომ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას. მისივე თქმით, წარმოდგენილი ბიუჯეტი კი, სწორედ ამას პასუხობს.
მინისტრს კითხვით მიმართა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმაც, მას აინტერესებდა, თუ რას უკავშირებს ფინანსთა მინისტრი ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს?
ლაშა ხუციშვილმა კი, მის საპასუხოდ განაცხადა, რომ "მაღალი საბაზისო ეფექტი მოქმედებს და მომავალი წლიდან ინფლაცია კლებას დაიწყებს. მინისტრის თქმით, უკვე წლის ბოლოს, ის ძალიან ახლოს უნდა იყოს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მიზნობრივ ინფლაციასთან.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, ფინანსთა მინისტრს საქართველოს საგარეო ვალის შესახებ ჰკითხა. კონკრეტულად კი, მას აინტერესებდა თუ რამდენია მთლიანობაში საქართველოს საგარეო ვალი.
მინისტრმა ამ შემთხვევაში დამაიმედებელი პროგნოზი გააჟღერა და აღნიშნა, რომ მომდევნო წელს, საგარეო ვალი, დაახლოებით 50%-იან ნიშნულზე ჩამოვა 60%-დან. მისივე თმით, არსებობს გეგმა, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა საგარეო ვალის კუთხით 50%-იან ნიშნულზე დაბლა ჩამოვიდეს.