საქართველოში ოპოზიცია კოორდინირებულ ქმედებებზე მსჯელობს. კონკრეტულად რაზე შეთანხმდნენ ან აქვთ თუ არა ახალი სამოქმედო გეგმა ჯერ უცნობია. ცნობილია, რომ ოპოზიცია მმართველ პარტიაზე ზეწოლის ისევ იგივე მეთოდებს გამოიყენებს, ეს არის საპროტესტო აქციები და ჩივილი უცხოელ პარტნიორებთან.
"ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი" დამოუკიდებელი დეპუტატები და არასაპარლამენტო ოპოზიცია - ყველა ერთად დღეს თბილისი "მერიოტში " შეიკრიბა.
შეხვედრას არც მიხეილ სააკაშვილის ბედზე საუბრის გარეშე ჩაუვლია, თუმცა ოპოზიცია დღეს უმთავრეს საკითხად ლელოს ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე მსჯელობდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის ახალი სეზონია.
ოპოზიციას აქვს აღიარების პრობლემა - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. "ქართულ ოცნებაში" მართლმსაჯულების პოლიტიზებაში პირიქით, ოპონენტებს ადანაშაულებენ.
ოპოზიციის ნაწილმა გაფართოებული შეხვედრის შემდეგ პარლამენტში გადაინაცვლა. მათ შორის "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელიც ისევ ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიის წევრები, რომლებიც გამონაკლისს საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაუშვებენ, კოლეგებთან ერთად დღეს მმართველი გუნდის თავმჯდომარესთან სასაუბროდაც მივიდნენ.
ოპონენტებთან განხილული საკითხები დეტალურად აღარ დაუკონკრეტებია მედიასთან შეხვედრის პოლიტიკურ მასპინძელს. მოლაპარაკებებიდან გამოსულმა "ქართული ოცნების" ლიდერებმა თქვეს მხოლოდ ის, რომ დისკუსიისთვის გახსნილები არიან და რომ პროექტის მიღება ოპოზიციის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.
ოპოზიციის წარმომადგენლები ხვალ "ლელოს" ლიდერების სასამართლო პროცესზე დასწრებას გეგმავენ, მომდევნო კვირიდან კი გაფართოებული შეხვედრების ორგანიზებას დაიწყებენ.