16 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
რა მოცულობის თანხებით დაფინანსდებიან სახელმწიფო უწყებები 2022 წლის ბიუჯეტიდან 

ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტი დამტკიცებულია. რა მოცულობის თანხები გამოიყო სამინისტროებისთვის 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან - უწყებების დაფინანსების მოცულობა ასე გადანაწილდა:

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები გაზრდილია 10.0 მლნ ლარით. მთლიანი დაფინანსება 6 027.3 მლნ ლარს შეადგენს. გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტებში არსებული სასწრაფოს ბრიგადების ხელფასების თბილისში არსებულ ხელფასებთან გათანაბრება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 25.0 მლნ ლარით. მთლიანი დაფინანსება 1 684.8 მლნ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვენტარით აღჭურვა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 1.0 მლნ ლარით. უწყების მთლიანი დაფინანსება კი, 357.8 მლნ ლარს შეადგენს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 155.0 მლნ ლარით. მთლიანი დაფინანსება 932.4 მლნ ლარია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები 5.0 მლნ ლარით იზრდება. სამინისტროს მთლიანი დაფინანსება 2 895.0 მლნ ლარს შეადგენს.

იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 15.0 მლნ ლარით, (მთლიანი დაფინანსება შეადგენს 310.6 მლნ ლარს) მიწის რეგისტრაციის განსახორციელებლად დამატებით საჭირო ღონისძიებების დასაფინანსებლად.

თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები გაზრდილია 40.0 მლნ ლარით. უწყების მთლიანი დაფინანსება 1 002.4 მლნ ლარს შეადგენს.

უზენაესი სასამართლოს ასიგნება 400.0 ათასი ლარით გაიზარდა (მთლიანი დაფინანსება შეადგენს 14.4 მლნ ლარს), შრომის ანაზღაურების სრულყოფილად დასაფინანსებლად.

პროკურატურის ასიგნება გაზრდილია 2,6 მლნ ლარით (მთლიანი დაფინანსება შეადგენს 47.9 მლნ ლარს), შრომის ანაზღაურების და სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნით.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ასიგნება გაზრდილია 1.9 მლნ ლარით (მთლიანი დაფინანსება შეადგენს 67.2 მლნ ლარს).

მთავრობის ადმინისტრაციის ასიგნება გაიზარდა 2.0 მლნ ლარით (მთლიანი დაფინანსება შეადგენს 19.2 მლნ ლარს) მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად;

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ასიგნება გაზრდილია 3.0 მლნ ლარით (მთლიანი დაფინანსება შეადგენს 10 მლნ ლარს), დამატებით საჭირო მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად, ასევე შრომის ანაზღაურების 10%-იანი ზრდის დასაფინანსებლად.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დაფინანსება გაზრდილია 500.0 ათასი ლარით (მთლიანი დაფინანსება შეადგენს 9.5 მლნ ლარს) სხვადასხვა სოციალური პროექტების დასაფინანსებლად.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ასიგნება ჯამურად გაზრდილია 620.0 ათასი ლარით, შრომის ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით.

დღის ამბები