რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულებების ორი პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც NATO-სა და აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს.
შეთანხმების პროექტის პირველი ტექსტის მიხედვით, რუსეთი NATO-სგან შემდგომი გაფართოებისა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გამორიცხვას ითხოვს, ასევე უარის თქმას დამატებითი ძალებისა და შეიარაღების განთავსებაზე იმ ტერიტორიებზე, სადაც ალიანსი 1997 წლის მაისამდე იმყოფებოდა, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებამდე.
გარდა ამისა, პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ NATO-მ უარი უნდა თქვას ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიაში, ცენტრალურ აზიაში და არ უნდა განათავსოს საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტები ისეთ ადგილას, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა იქნება შესაძლებელი.
შეთანხმების ტექსტის მიხედივით, შეთანხმებულ სასაზღვრო ზონაში სამხედრო წვრთნები და სხვა მოქმედებები არ უნდა იქნას ჩატარებული ბრიგადაზე მეტი შემადგენლობით, ხოლო ინფორმაცია სამხედრო წვრთნების შესახებ რეგულარულად უნდა გაიცვალოს.
შეთანხმების პროექტის მეორე ტექსტში რუსეთი აშშ-სგან ითხოვს, რომ არ განათავსოს შეიარაღება და სამხედრო ძალები იმ რაიონებში, სადაც მეორე მხარის მიერ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ იქნება აღქმული. ასევე, თავი შეიკავოს ბირთვული და არაბირთვული ბომბდამშენების ფრენისგან საკუთარი საჰაერო სივრცის გარეთ და სამხედრო გემების ყოფნისაგან ეროვნული წყლების გარეთ, საიდანაც მათ მეორე მხარის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმის განხორციელება შეეძლებათ.
პროექტის ტექსტის მიხედვით, "შეერთებულმა შტატებმა პირობა უნდა დადოს, რომ გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთით და უარს იტყვის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ალიანსში მიღებაზე, არ შექმნის სამხედრო ბაზებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არ გამოიყენებს მათი სამხედრო ინფრასტრუქტურას და არ განავითარევს მათთან სამხედრო თანამშრომლობას".