16 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, გასაჯაროებული კადრები, საერთაშორისო დავები - რა კითხვები ჰქონდათ დეპუტატებს რატი ბრეგაძესთან

პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში 40 წუთიანი მოხსენების შემდეგ, იუსტიციის მინისტრს დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს.

ინტერესის სფეროს ძირითადად მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, გასაჯაროებული კადრები და ის დასკვნები წარმოადგენს, რომელიც სახალხო დამცველმა და სახელმწიფო ინსპექტორმა გამოაქვეყნეს.

გარდა ამისა, კანონმდებლების კითხვები შეეხებოდა საერთაშორისო დავებს, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ სიტუაციას. იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ გეგმებსა და რეფორმებს, რომელიც უწყებას აქვს დაგეგმილი.

"საზოგადოება ალბათ, შოკირებულია თქვენი დღევანდელი გამოსვლით ბატონო მინისტრო, იმიტომ, რომ ჩვენს თანამედროვე ისტორიაში პირველად, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პატიმარია," - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა რატი ბრეგაძეს.

სამადაშვილმა მინისტრს სააკაშვილთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა, ამასთან მოუწოდა, პარლამენტის ტრიბუნასთან დაბრუნების შემდეგ წარმოადგინოს გლდანის ციხეში გადაყვანის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა. ასევე, სამადაშვილმა მინისტრს ჰკითხა, ვინ და როგორ განახორციელა მესამე პრეზიდენტზე ძალადობა.

სიტყვით გამოვიდა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილიც.

"საქართველოს პარლამენტში ოპოზიციიდან არჩეულია 66 დეპუტატი. როდესაც ამ 66 დეპუტატიდან მხოლოდ 8 ესწრება იუსტიციის მინისტრის საათს, ეს ნიშნავს, რომ ამ პატივცემულებს შეკითხვის დასმის უნარიც კი არ აქვთ. როდესაც საყვედურობენ ბატონ რატის, რომ სააკაშვილზე არ ისაუბრეთო, ბატონმა რატიმ ისაუბრა პატიმრების უფლებებზე და შესაბამისად ისაუბრა სააკაშვილზეც," - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

იმ ფაქტს, რომ მინისტრის საათს ოპოზიციის ნაწილი არ ესწრებოდა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოიკოტი გამოუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი გამოეხმაურა და მან ოპონენტებს "ქუჩის მოძრაობა" უწოდა.

თავის მხრივ ნინო წილოსანს უპასუხა თაკო ჩარკვიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ "ქუჩის ოპოზიცია" კონსტიტუციური და პატივსაცემია.

 

დღის ამბები