16 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
საქართველოს როლი საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლაში - რას წერს სახელმწიფო დეპარტამენტი წლიურ ანგარიშში

ტერორიზმი ამერიკისთვის გლობალური გამოწვევის გარდა, პირად საფრთხესაც ნიშნავს. ამიტომ, სახელმწიფო დეპარტამენტში ყოველ წელს აანალიზებენ თუ ვინ რამდენს აკეთებს ამ საქმეში მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს შეფასება პოზიტიურია. სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრტერორისტულ ბიუროში თვლიან, რომ ქვეყანას უნარი შესწევს გამოავლინოს, შეაკავოს და უპასუხოს ტერორისტულ ინციდენტებს.

ანგარიშის მიხედვით, COVID-19-ის პანდემიამ კონტრტერორიზმის საქმეში დადებითის გარდა უარყოფითი როლიც ითამაშა, რადგან შეზღუდვების გამო ერთობლივ ტრენინგებში სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოს მონაწილეობაც ლიმიტირებული იყო. თუმცა, ბლინკენის უწყება უსაფრთხოების საქმეში თბილისს კვლავ მტკიცე პარტნიორად ასახელებს. მისი ქართველი კოლეგა თვლის, რომ ეს საერთაშორისო ანტიტერორისტულ მისიებში საქართველოს ძალისხმევის დამსახურებაა. მაგალითად, ავღანური მისია საქართველომ ამერიკასთან ერთად დაიწყო და დაამთავრა.

აშშ-ის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქის გასამართლებაც, რომელიც ქართულ მხარეს უკრაინამ გადასცა. ცეზარ თოხოსაშვილს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. დოკუმენტში ტერორისტული ინციდენტების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ სუს-ია დასახელებული.

შეფასებულია სასაზღვრო, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების დაცვის სამსახურების მუშაობაც კონტრაბანდასთან ბრძოლისა თუ მგზავრების იდენტიფიცირების თვალსაზრისით. ანგარიშში მოწონებულია საჰაერო სივრცის უსაფრთხოებისთვის უპილოტო საავიაციო სისტემების გამოყენებისთვის საჭირო კანონმდებლობის შემუშავებაც.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში, საქართველოს სახელმძღვანელო დოკუმენტი 2019-2021 წლის ტერორიზმთან ბრძოლის საქართველოს ეროვნული სტრატეგიაა. მის მუშაობაზე კი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიაა პასუხისმგებელი.

დღის ამბები