16 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
ეროვნული შეთანხმების იდეა - ინიციატივას პოლიტიკური მხარეები მიესალმებიან, თუმცა მოლოდინი სკეპტიკურია

ეროვნული შეთანხმების მცდელობა ამჯერად მხოლოდ ეროვნულ დონეზე იწყება. მედიატორის ფუნქცია პრეზიდენტმა საკუთარ თავზე აიღო. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ აქტორებთან აღიარა, რომ სამოქმედო გეგმა განსაზღვრული არ აქვს, თუმცა კონსულტაციებში ყველა მხარეს ელოდება.

პრეზიდენტთან თანამშრომლობას ყველა აპირებს, მათ შორის ისინიც, ვინც საახალწლო მიღებაზე არ ყოფილან. "ნაციონალური მოძრაობაც" და მათი პარტნიორებიც დღეს უკვე დარწმუნებით ამბობდნენ, რომ ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრა საქმიანი ფორმატის დასაწყისი იყო და კონკრეტულ ნაბიჯებს ახლა უკვე თავად სალომე ზურაბიშვილისგან ელოდებიან.

მმართველი პარტია შერიგების ამოსავალ წერტილად  სამართლიანობის პრინციპს ასახელებს. "ქართული ოცნებისთვის" ოპონენტებთან შეთანხმების მთავარი განმსაზღვრელი წარსული მოვლენების სწორი შეფასებაა.

კონკრეტული ნაბიჯები ოპოზიციის შიგნითაც რომ აუცილებელია, ამაზე მათივე კოლეგები საუბრობენ. ვინც პრეზიდენტის ინიციატივაში პოლიტიკური დიალოგის დასაწყისი დაინახა, ამბობს, რომ პროცესს ფრთხილად და ოპტიმისტურად უყურებს, თუმცა აქვს სკეპტიციზმის განცდაც.

შეთანხმებისთვის რომ ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, ამაზე მმართველ გუნდშიც თანხმდებიან, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ პირველი ნაბიჯი დიალოგისკენ ოპოზიციამ უნდა გადადგას.

ინკლუზიურობა, გამჭვირვალობა და ფართო წარმომადგენლობა - პრეზიდენტის წამოწყება ამ პრინციპებს დაეყრდნობა. 

 

 

დღის ამბები