16 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
რატომ გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის კადრები - რატი ბრეგაძემ პარლამენტში ვიდეო-კადრების გავრცელების საჭიროებაზე განმარტება გააკეთა

დღეს პარლამენტში იუსტიციის მინისტრის საათია. რატი ბრეგაძეს დეპუტატები უკვე 5 საათია უსმენენ.

40 წუთიანი სიტყვით გამოსვლისას, იუსტიციის სამინისტროს პირველმა პირმა, უწყების ანგარიში წარადგინა.

მან ისაუბრა რეფორმებზე, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებასა და საერთაშორისო დავებზე. რატი ბრეგაძეს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ანგარიშში არ უხსენებია, თუმცა ოპოზიციის კრიტიკული კითხვები სწორედ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს ეხებოდა:

"საზოგადოება მართლაც შოკირებულია ალბათ თქვენი გამოსვლით - თანამედროვე ისტორიაში პირველად, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პატიმარია. მოგვიყევით დეტალურად რა მოხდა, ვინ როგორ განახორციელა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ძალადობა?" - მიმართა სალომე სამადაშვილმა რატი ბრეგაძეს. 

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის პასუხს ამ შეკითხვაზე: "ჩემი გამოსვლით შოკირებულია საზოგადოება? - დასრულდა ის დრო ქალბატონო სალომე, როდესაც თქვენს თავს მთელს საზოგადოებასთან აიგივებდით, წავიდა ეს დრო, თქვენ არჩევნები წააგეთ 63-ით 1. თქვენ ხართ მიჩვეული ბოლშევიკურ მეთოდებს, რომ ბელადი ყოველთვის მართალია," - აღნიშნა რატი ბრეგაძემ. 

იუსტიციის მინისტრთან მიხეილ სააკაშვილზე კითხვა ჰქონდა პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძესაც: "იუსტიციის სამინისტროს მიერ, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა - ვინ ჩაიდინა ეს უკანონობა თქვენს უწყებაში?" - რაზეც მას რატი ბრეგაძემ უპასუხა, რომ ეს გადაწყვეტილება უწყებაში ერთობლივად მას შემდეგ მიიღეს, რაც ოპოზიცია ისტერიული ფონის შექმნასა და საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდა:

"ცდილობდნენ შეექმნათ ისტერიული ფონი და მოეხდინათ მხარდამჭერების მობილიზება, რაც ბუნებრივია, საფრთხეს შეუქმნიდა პენიტენციური სამსახურის გამართულ ფუნქციონირებას. ამას კი, ჩვენ ვერ დავუშვებდით. სწორედ ამან მიგვიყვანა ჩვენ იქამდე, რომ გამოგვექვეყნებინა ის კადრები,"- უპასუხა გიორგი ვაშაძეს იუსტიციის მინისტრმა. 

დღის ამბები