16 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
"მეც მაქვს კუდი ყავარზე, ვიღაცას უფრო მეტად, მეც მილანძღია სხვები, სხვებსაც გავულანძღივარ, მაგრამ ეს რაღაცები ხომ უნდა გავწიოთ გვერდზე?" - ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი გუშინ, სალომე ზურაბიშვილის მიერ, ორბელიანების სასახლეში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიღებას დადებითად აფასებს. "ღამის კურიერში" ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ სწორია, როდესაც პრეზიდენტმა ყველა დაპისპირებული მხარე მიიწვია და ერთად დასხდომა შესთავაზა. 

"გუშინ კარგი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილმა ერთი ტერმინი ახსენა ნაცვლად შერიგებისა, რომელიც ცოტა ბანალურად ჟღერს, ეროვნული თანხმობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი რაც მომეწონა, როდესაც ამ შარლ მიშელის და მოლაპარაკებების პროცესში ვმონაწილეობდი, ღიადაც ვამბობდი, რომ რამდენადაც მომწონდა, რომ არიან ჩვენი მეგობრები, საქართველოში ელჩები, ევროკავშირის ელჩი ბატონი ჰარცელი, ამერიკის ელჩი ქალბატონი დეგნანი, იქიდან დენიელსონი ჩამოდიოდა, რამდენადაც ეს პროცესი კარგი იყო, იმდენად დისკომფორტი მქონდა, რომ რატომ უნდა ჩამოდიოდეს აქ თბილისში მცხოვრები ქართველი პოლიტიკოსების დასაჯდომად და ამის დასაორგანიზებლად ბრიუსელიდან ვიღაცა? ხომ შეგვიძლია რომ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ.

მართლა დროა გავიზარდოთ და როდესაც პრეზიდენტი, მოგწონს სალომე ზურაბიშვილი თუ არ მოგწონს, თუმცა ბოლო დროს მინი ნაბიჯები ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ეს, რომ ყველას ეძახის პრეზიდენტი და ვინც ზურგი შეაქცია, იმათაც უთხრა, რომ არაუშავს, შეურაცხყოფილი არ დავრჩიო. ეს არის სწორი, რომ საქართველოს სახელმწიფო პრეზიდენტმა დაუძახოს ყველა დაპირისპირებულ ძალას. დავსხდეთ ერთად და ბოლოს და ბოლოს ქართველებმაც ვისწავლოთ ერთმანეთთან ლაპარაკი. ყველამ უნდა გადავაბიჯოთ, მეც მაქვს კუდი ყავარზე, ვიღაცას უფრო მეტად აქვს და ა.შ. მეც მილანძღია სხვები, სხვებსაც გავულანძღივარ, მაგრამ ეს რაღაცები ხომ უნდა გავწიოთ გვერდზე? რამდენჯერაც საქართველო დაიღუპა, რამდენჯერაც ცხვირი წაიმტვრია, იმდენჯერ ბრალი იყო ისევ ჩვენი და იმ ამბიციების, რომ ვერ ვთოკავდით,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

დღის ამბები