საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები" თავმჯდომარე იმ თემებზე საუბრობს, რასთან დაკავშირებითაც მას გუშინ, ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან ჰქონდა საუბარი.
როგორც ალეკო ელისაშვილი "ღამის კურიერის“ ეთერში ყვება, მან პრეზიდენტს უთხრა, რომ მზად არის პროცესის წინ წასვლას და ეროვნული თანხმობის მიღწევას მაქსიმალურად დაეხმაროს. თუმცა, აქვე ამბობს, რომ პრეზიდენტს მისი სკეპტიკური განწყობის შესახებაც უთხრა.
"სალომე ზურაბიშვილს ვუთხარი, რომ გულახდილად გეტყვით, არ მჯერა, რომ ამ საქმისგან რამე გამოვა-თქო. არ მჯერა, რომ "ქართული ოცნება" თავის თავს მოერევა და "ნაციონალური მოძრაობა" თავის თავს მოერევა და თავის სიძულვილს მოთოკავენ-თქო, მაგრამ ჩვენ, მე და ლევან იოსელიანი ვიყავით ერთად, ვუთხარით, რომ სიტყვას გაძლევთ, რომ თავს არ დავზოგავთ იმისთვის, რომ ამ პროცესს მაქსიმალურად დავეხმაროთ-თქო. ამ დროს გიორგი ვაშაძეც მოვიდა, რომელთანაც არ მაქვს კარგი ურთიერთობა, მაგრამ რომ გაჩვენოთ ჩვენი მზაობის სერიოზულობა-თქო, ვაშაძეს შევურიგდები და ჩამოვართმევ ხელს-თქო და ჩამოვართვი ვაშაძეს ხელი.
მზად ვარ, ბოდიშიც მოვუხადო ყველას, ვისთანაც შემშლია ან ვინც ფიქრობს, რომ შემშლია. თუმცა, ბევრთან მიმართებაში მგონია, რომ მართალი ვარ, მაგრამ პოლიტიკოსები მარტო ჩვენ თავზე ხომ არ ვართ პასუხისმგებელი, საქართველოა მეორე მხარეს,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.