"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, დიალოგი ყოველთვის მისაღებია და ამ დიალოგის არსებობის იმედი, მათ საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა გაუჩინა. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა:
ახლა, "ნაციონალური მოძრაობა" ეროვნული თანხმობის ჭრილში, კონკრეტულ შეთავაზებებს ელოდება.
"დიალოგი ყოველთვის მისაღებია, როგორი ცუდი გამოცდილებაც არ უნდა გვქონდეს ჩვენ ამის. თუმცა, სალომე ზურაბიშვილის ბოლო გამოსვლებმა გააჩინა მცირე იმედი იმისა, რომ შესაძლოა ეს დიალოგი მართლაც იყოს მიმართული სიტუაციის განმუხტვისაკენ.
მისი გამოსვლები გვაძლევს იმედს, რომ ის აცნობიერებს იმ ვითარებას, რაც ქვეყანაშია და მისი მოსაზრება ძირეულად განსხვავდებოდა "ქართული ოცნების" რიტორიკისგან. პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ეროვნული თანხმობაა ფუნდამენტურ საკითხებზე.
ჩვენი მოსაზრებით, ეს საკითხებია - პოლიტიკური დევნის დასრულება, სასამართლოს ქცევა ნამდვილ სასამართლოდ და ქართველი ხალხისათვის მთავარი სამოქალაქო უფლების აღდგენა. როგორი იქნება პრეზიდენტის კონკრეტული შეთავაზებები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია,"- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
შეკითხვაზე, თუ რატომ არ მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები გუშინ სალომე ზურაბიშვილთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში., ნუგზარ წიკლაურმა უპასუხა, რომ ეს შეხვედრა ცერემონიული იყო და ახლა, მათთვის ამგვარი შეხვედრები საინტერესო არ არის.
"გუშინდელი შეხვედრა პრეზიდენტთან იყო ცერემონიული ხასიათის, ეს მოსაწვევზეც ეწერა, რომ რაღაც საახალწლო ღონისძიება იყო. მართალია ვხვდებოდით, რომ იქ შესაძლოა პოლიტიკური სიტყვაც ყოფილიყო წარმოთქმული, მაგრამ ეს ცერემონიები ახლა ჩვენთვის იმდენად საინტერესო არ არის. ამიტომ, როგორც კი პრეზიდენტის პოზიცია ნათლად ჩამოყალიბდება, ცხადია ჩვენ მას შევხვდებით,"- აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.