"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ეროვნული თანხმობის მიღწევა ნიშნავს იმას, რომ ფუნდამენტური საფუძვლები უნდა შეიქმნას იმისათვის, რომ მხარეებმა ქვეყანაში ერთად თანაცხოვრება და საერთო ენის გამონახვა შეძლონ, თუმცა მისი თქმით, ამას თავისი წინაპირობები აქვს.
"მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის სულისკვეთება ეს არის, ეროვნულ თანხმობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ ჩვენ მეგობრები გავხდებით, შევრიგდებით და გადავეხვევით ერთმანეთს, არამედ იმაზე, რომ ფუნდამენტური საფუძვლები, ფუძემდებლური საფუძვლები უნდა შეიქმნას ამ ქვეყანაში ერთმანეთთან თანაცხოვრების," - აცხადებს ნუგზარი წიკლაური.
წარმოუდგენია თუ არა ნუგზარ წიკლაურს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გარეშე ეროვნული თანხმობა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ამბობს, რომ ეროვნული თანხმობის მიღწევა პოლიტიკური დევნის დასრულების გარეშე წარმოუდგენელია.
"მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური დევნის დასრულების გარეშე ამ ქვეყანაში შეუძლებელია ეროვნული თანხმობა. მიხეილ სააკაშვილი ციხეში - არ ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი ზის ციხეში, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ნიშნავს 700 ათასი ადამიანისთვის ნათქვამს, რომ თქვენ ხართ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები, თქვენც სხედხართ ციხეში, მხოლოდ იმის გამო, რომ გინდათ ქვეყანაში პოლიტიკური აქტივობა. ამიტომ, თუ ეს მთავარი ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, ძალიან რთულია ლაპარაკი იმაზე, რომ რაიმე სახის თანხმობა მოხდება,“ - ამბობს ნუგზარ წიკლაური.